Lonely Planet - პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველო ციფრული და მზარდი ტურისტული მიმართულების ცენტრად ყალიბდება
Lonely Planet - პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველო ციფრული და მზარდი ტურისტული მიმართულების ცენტრად ყალიბდება

მსოფლიოში პოპულარული სამოგზაურო პლატფორმა „ლონლი პლანეტი“ (Lonely Planet) საქართველოს მთავრობის ახალ პროექტზე „იმუშავე დისტანციურად საქართველოდან“ ვრცელ სტატიასა და ვიდეორგოლს აქვეყნებს.

ახალი პროექტის ფარგლებში საქართველოს მთავრობა საერთაშორისო ვიზიტორებს ქვეყანაში ექვს თვეზე მეტი ხნით ცხოვრების უფლებას სთავაზობს.

სტატიის ქართული თარგმანი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაავრცელა.

კორონავისურსით გამოწვეული კრიზისის გამო საზღვრების დახურვამ გვაიძულა, გადავხედოთ ჩვენს სამუშაო და სამოგზაურო გზებს. პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველო ციფრული და მზარდი ტურისტული მიმართულების ცენტრად ყალიბდება. კორონავისურსით გამოწვეულ კრიზისს საქართველომ მყისიერი პასუხი გასცა, შედეგად ამ ქვეყანაში ინფექციის მხოლოდ 1000 შემთხვევაა დაფიქსირებული.

საქართველოს მთავრობის სურვილია, „ფრილანსერები“ და თვთდასაქმებულები მოიზიდოს, რომ იცხოვრონ და იმუშაონ საქართველოდან. ამ პროექტის მიზანია, ეკონომიკის სტიმულირება და საზღვრების ეტაპობრივი, უსაფრთხო და კოორდინირებული გახსნა“, – წერს ჟურნალისტი რიჩარდ ქოლეთი.

სტატიაში მოყვანილია საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ციტატა.

„ჩვენ საქართველოში ვიწვევთ მიზნობრივ აუდიტორიას და ვთავაზობთ ცხოვრების უფლებას. საქართველოს მსოფლიოში ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო ქვეყნის იმიჯი აქვს და ჩვენ გვსურს, ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ. ჩვენ ვსაუბრობთ საზღვრების გახსნაზე იმდაგვარად, რომ დაცული იყოს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ამავდროულად მივიღოთ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც დისტანციურად მუშაობა სურთ საქართველოდან.“

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ საქართველო დისტანციურად მომუშავე პირებს გრძელვადიანი პერიოდით ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობას აძლევს. დაინტერესებულმა პირებმა ონლაინ-აპლიკაცია უნდა შეავსონ და დადასტურება მიიღონ. რაც მოიცავს: სამოგზაურო დაზღვევას, დამსაქმებლის სერტიფიკატს და პერსონალურ ინფორმაციას. ჩამოსვლის წინ ვიზიტორებს საკუთარი ხარჯებით 14 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.