არმიის შესახებ ყალბი ამბების გავრცელების ბრალდებით, რუსეთში გამოცემა „ლისტოკის“ დამფუძნებელს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რუსეთში, ალთაის რესპუბლიკაში ადგილობრივი გამოცემის, „ლისტოკის“ დამფუძნებელს, სერგეი მიხაილოვს, რუსეთის „არმიის შესახებ ყალბი ამბების გავრცელების“ ბრალდებით, რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
როგორც „ბიბისის“ რუსული სამსახური წერს, მიხაილოვი ერთ-ერთი პირველი ჟურნალისტი გახდა, რომელიც ამ მუხლით უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის შემდეგ დააკავეს.
სერგეი მიხაილოვმა ბრალი არ აღიარა.
„მე კატეგორიულად არ ვეთანხმები ბრალდებას. მთელი ეს წლები ვწერ იმას, რაც სიმართლედ მიმაჩნია, მაშინაც კი, თუ ეს სიმართლე მწარეა. ამას ვაკეთებ არა ამა თუ იმ პოლიტიკური მოღვაწეებისადმი სიძულვილის გამო, არამედ ჭეშმარიტებისთვის ბრძოლისა და ჭეშმარიტების სიყვარულის გამო“, – განაცხადა ჟურნალისტმა თავის დასკვნით სიტყვაში.
სერგეი მიხაილოვი 2022 წლის 13 აპრილს მოსკოვის ოლქის დასახლება ლუბერციში დააკავეს. მას რუსეთის არმიის შესახებ „ფეიკების“ გავრცელებაში წაუყენეს ბრალი უკრაინაში, კერძოდ, ბუჩასა და მარიუპოლში რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ პუბლიკაციებისთვის.