ქართული დემოკრატიის გადასარჩენად ბაიდენმა უნდა დაუწესოს სანქციები ქვეყნის ოლიგარქებს, – ამ სათაურით სტატიას აქვეყნებს ამერიკული გამოცემა „ჰილი“. პუბლიკაციის ავტორები არიან საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი და ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ კრამერი.
როგორც კელისა და კრამერის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაშია ნათქვამი, „ამ თვეში აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების წინააღმდეგ დაწესებული ახალი სავიზო და ფინანსური სანქციები არასაკმარისი აღმოჩნდა, რადგან იმ პირთა შორის, რომელთაც სანქციები დაუწესდათ, არ აღმოჩნდა ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს ავტორიტარულ და პრორუსულ მიმართულებაზე“.
„აშშ-მა ნათლად უნდა განაცხადოს, რომ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ფინანსურ ბერკეტებს თავად ივანიშვილისა და მისი პარტიის წინააღმდეგ, თუ ისინი გააგრძელებენ გზას, რომელიც კატასტროფული იქნება ქართველი ხალხისთვის და აშშ-საქართველოს ურთიერთობებისთვის. ივანიშვილმა თავისი ქონება რუსეთში დააგროვა, ვიდრე სამშობლოში დაბრუნდებოდა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში თავისი პარტიისთვის, „ქართული ოცნებისთვის“ გამარჯვებას უზრუნველყოფდა. 2012 წლიდან ის იყო ჩრდილოვანი მმართველი, მართავდა სიტუაციას, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური თანამდებობა მხოლოდ ამ 12 წლიდან პირველ წელს ეკავა. ამ დროის განმავლობაში მან სცადა მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას 2008 წელს საქართველოში შეჭრის შემდეგ. აღდგენილია პირდაპირი ფრენები საქართველოსა და რუსეთს შორის, რაც ათასობით რუსს იზიდავს საქართველოში და ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა აყვავებულია“, – ნათქვამია კელისა და კრამერის სტატიაში.
როგორ პუბლიკაციის ავტორები აღნიშნავენ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს მმართველმა პარტიამ, მიუხედავად მასშტაბური პროტესტისა, მაინც მიიღო რუსული სტილის კანონმდებლობა – კანონი, რომელიც მოითხოვს უცხოური დაფინანსების მიმღები ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციას „უცხოური გავლენის ქვეშ მყოფ აგენტებად“.
„მან ასევე მიიღო რუსული სტილის კანონი, რომელიც კრძალავს ერთნაირ სქესიანთა ქორწინებებს, ერთნაირ სქესიანთა წყვილების მიერ ბავშვის შვილად აყვანას და ტრანსგენდერულ სამედიცინო მკურნალობას. ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ წინა მთავრობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად პოლიტპატიმარი, მიხეილ სააკაშვილი და არა რუსეთი, იყო პასუხისმგებელი 2008 წლის სისხლისღვრასა და შემდგომ რუსულ ოკუპაციაზე“, – წერს საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი.
ასევე, სტატიაში ნათქვამია, რომ ივანიშვილმა ქართულ პოლიტიკაში ოფიციალური დაბრუნების შესახებ განაცხადა მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა გასული წლის დეკემბერში გამოაცხადა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებდა, ოქტომბრის გადამწყვეტ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე.
„საარჩევნო კამპანიის დროს, მის ცეცხლოვან გამოსვლებში ის ამომრჩევლებს დაჰპირდა მძიმე ანტიდემოკრატიულ და ანტიდასავლურ შედეგებს, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. მან განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და ევროპა („გლობალური ომის პარტია“) აფინანსებენ ოპოზიციის ლიდერებს და მიუთითებენ მათ სააკაშვილის „შეშლილი და სადისტური რეჟიმის“ აღდგენასა და რუსეთთან „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ. ივანიშვილმა განაცხადა, რომ მმართველი პარტია „ნებისმიერ ფასად“ შეაჩერებს ამგვარ შედეგს, რაც არც ისე ფარული მუქარაა, რომ შესაძლოა მან საარჩევნო მანიპულაციებს მიმართოს. ის ამტკიცებს, რომ მთელი პროდასავლური ოპოზიცია სააკაშვილთან არის გაერთიანებული. ამის გათვალისწინებით, ივანიშვილი არჩევნების შემდეგ „ქართულ ნიურნბერგის პროცესის“ გამართვის დაპირებით გამოვიდა. მან თქვა, რომ პროდასავლურ ოპოზიციას დაუწესებს „მკაცრ პოლიტიკურ და სამართლებრივ განაჩენს, რომელსაც ის იმსახურებს“ სააკაშვილის „სისხლიანი მმართველობისთვის“. კითხვაზე, კონკრეტულად ვინ იქნება აკრძალული და ვის არ შეუშვებენ პარლამენტში, მისმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ყველა მთავარი ოპოზიციური პარტია დაასახელა“, – ნათქვამია კელისა და კრამერის სტატიაში.
მათივე თქმით, „ქართული ოცნება“ უკვე აკონტროლებს ხელისუფლების სამივე შტოს. ოპოზიციის კანონგარეშე გამოცხადების, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის პარალიზების დაპირებით, ივანიშვილი და კობახიძე არსებითად აღწერენ ანტიდასავლურ ტოტალიტარულ რეჟიმს, რომელიც მართავს პროდასავლურ მოსახლეობას“.
„ამის ნაცვლად, აშშ-მა უნდა უთხრას ივანიშვილს, რომ თუ ის ოქტომბრის არჩევნებს თავის სასარგებლოდ გააყალბებს, ან სისრულეში მოიყვანს მუქარას ოპოზიციის აკრძალვის შესახებ, მას და მის მილიარდებს მოუწევთ ფინანსთა სამინისტროს ფინანსური სანქციების სრული სიმძიმის გაძლება. სიმართლე რომ ვთქვათ, ივანიშვილის სანქცირება რამდენიმე თვის წინ უნდა მომხდარიყო, მათ შორის მაშინ, როცა ის და მისი მარიონეტები მთავრობასა და პარლამენტში უხეშ რიტორიკულ თავდასხმებს ახორციელებდნენ აშშ-ს წინა ელჩისა და კონგრესის წევრების წინააღმდეგ. თუ აშშ შეძლებს დაარწმუნოს ივანიშვილი, რომ მას დააკისრებენ პირად სანქციებს, რომელიც ძვირად დაუჯდება, თუ ის განახორციელებს თავის არაპირდაპირ მუქარას არჩევნების შედეგების შეცვლის შესახებ და პირდაპირ მუქარას ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვისა და საქართველოს ანტიდასავლურ დიქტატურად გადაქცევის შესახებ, ჩვენ შეგვეძლება შევაკავოთ ის ამის გაკეთებისგან. გარდა ამისა, არჩევნების გაყალბების შესახებ გავრცელებული შეშფოთების ფონზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმის პირობებში, არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებლები უნდა იყვნენ ფხიზლად ნებისმიერი თაღლითობისა და ძალადობის გამოვლენაში. შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეები მტკიცედ უნდა დადგნენ გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაციის წინააღმდეგ“, – წერენ კელი და კრამერი.
სტატიის მიხედვით, „ბოლო გამოკითხვები ცხადჰყოფს, რომ „ქართული ოცნება“ სავარაუდოდ ყველაზე მეტ ხმას მიიღებს არჩევნებში, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ შეძლებს ახალ პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებას.
„ამან შეიძლება, გაუხსნას გზა ოპოზიციური პარტიების კოალიციას, რომ ისინი გაერთიანდნენ და დაამარცხონ „ქართული ოცნება“, თუმცა ეს პარტიები ჯერჯერობით ვერ ახერხებენ სრულად გაერთიანებას.
ამასთან, გამოკითხვები მუდმივად აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობა რჩება ძალიან პროამერიკულ, პროევროკავშირის, პრონატოურ და პროდემოკრატიუად. საქართველო, რომელიც ერთ დროს რთულ სამეზობლოში მდებარე აქტიური დემოკრატია იყო, პარტნიორის ნაცვლად პრობლემად იქცა, მაგრამ რომლის მიმართაც შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს აქვთ მნიშვნელოვანი ინტერესები და გავლენაც, თუ ისინი გადაწყვეტენ მათ გამოყენებას. მტკივნეული, მიზანმიმართული სანქციების მუქარამ ახლა შეიძლება იხსნას ქართველი ხალხი პრორუსული, ავტორიტარული მომავლისგან, რომელსაც მათ ოლიგარქი დაჰპირდა“, – ნათქვამია სტატიაში.