გამოცემა EURACTIV Greece - საბერძნეთი და კვიპროსი მხარს უჭერენ უკრაინის ევროკავშირში წევრობას, თუმცა ეწინააღმდეგებიან გაწევრიანების დაჩქარებულ პროცესს
საბერძნეთი და კვიპროსი მხარს უჭერენ უკრაინის ევროკავშირში წევრობას, თუმცა ეწინააღმდეგებიან გაწევრიანების დაჩქარებულ პროცესს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა EURACTIV Greece თავის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება საბერძნეთის საგარეო საგარეო საქმეთა სამინისტროში არსებული წყაროების თანახმად აღნიშნავს, საბერძნეთის პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ დაცული უნდა იყოს ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა პროცედურა. ამავე დროს, წყაროების მიხედვით, ათენი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, რომელიც უნდა გაგრძელდეს და დაჩქარდეს.
EURACTIV Greece-ს წყაროებმა განუცხადეს, რომ საბერძნეთისთვის დასავლეთ ბალკანეთის ევროპული პერსპექტივა უშუალო პრიორიტეტს წარმოადგენს.
შეკითხვას, მხარს დაუჭერს თუ არა საბერძნეთი უკრაინისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ივნისში, საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულმა წყარომ აღნიშნა, რომ ათენს სურს, ჯერ იხილოს ევროკომისიის შეფასება, თუმცა ზოგადად საბერძნეთის მიდგომა პოზიტიურია ამგვარი პერსპექტივისადმი იმ პირობით, რომ წევრ ქვეყნებს შორის იქნება ერთიანობა.
რაც შეეხება კვიპროსის პოზიციას, სამთავრობო წყაროების თანახმად, საბერძნეთს პირველ ყოვლისა სურს, იხილოს, რა მიმართულებით წავა ევროკომისიის შეფასება. შეფასება თუ პოზიტიური იქნება, კვიპროსი მხარს დაუჭერს უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ინიციატივას, თუმცა მიიჩნევს, რომ საჭიროა შესაბამისი პროცედურების მკაცრად დაცვა, შესაბამისად, გაწევრიანების პროცესი იქნება ხანგრძლივი.