გამოცემა brussels signal-ი - საქართველოს „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონი რეალურად ძალიან ჰგავს ამერიკულს
„საქართველოს „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონი რეალურად ძალიან ჰგავს ამერიკულს“, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა brussels signal-ი.
როგორც სტატიაში წერია, კანონი ძალიან ჰგავს ამერიკაში 1938 წელს მიღებულ „ფარას“. საქართველოში კი მნიშვნელოვანია ეს კანონი, რადგან სამოქალაქო საზოგადოება იმართება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომელთაგან ბევრი დამოკიდებულია უცხოურ დაფინანსებაზე.
„მნიშვნელოვანია გავიგოთ, რას ნიშნავს სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში. ბევრი ორგანიზაცია არსებითად პოლიტიკურია, თუმცა ოფიციალურად არ არიან პოლიტიკური ორგანიზაციები“, – წერია სტატიაში.
ამ არგუმენტის განსამტკიცებლად კი, სტატიის ავტორს „სტუდია მონიტორი“ მოჰყავს, რომელიც ათეულობით გამოძიებას აქვეყნებს „ქართული ოცნების“ სავარაუდო დანაშაულის შესახებ.
„მაგალითად, ქართული ორგანიზაცია „სტუდია მონიტორი“, რომელიც თავს საგამოძიებო გამოცემას უწოდებს, წლების განმავლობაში აქვეყნებდა ათობით საგამოძიებო მასალას მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მხრიდან სავარაუდო დარღვევების შესახებ. თავისუფალ საზოგადოებაში ეს დანაშაული არ არის. ჟურნალისტებმა უნდა გამოიძიონ საკუთარი მთავრობის ქმედებები, თუმცა ეს ორგანიზაცია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, აშშ-ის საელჩოსა და „სოროსის“ ფონდის მიერ ფინანსდება“, – ვკითხულობთ სტატიაში.
სტატიაში ნათქვამია, რომ საკმარისი ფულის და განსაკუთრებით ხელისუფლებაში 12 წლიანი ყოფნის შემდეგ ნებისმიერი შეიძლება, ჩანდეს ცუდად. აქვე აღნიშნულია, რომ ასობით არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლებიც აშკარად უფრო პოლიტიკურები არიან, ვიდრე „სტუდია მონიტორია“.
რაც შეეხება, მოსაზრებას – ვიღაცის ფული არ ნიშნავს იმას, რომ უნდა აკეთო ის, რაც დამკვეთს სურს, გამოცემა წერს, რომ ამ არგუმენტს აზრი ექნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი არ დაფიქრდებოდა.
„როდესაც ფული ხელიდან ხელში გადადის, არსებობს მოლოდინი, რომ სანაცვლოდ რაღაც უნდა მიიღო. შესაბამისად, რატომ იწვევს ეს კანონი ასეთ წინააღმდეგობას? ქართულ პოლიტიკას თუ იცნობთ, პასუხიც გეცოდინებათ. დასავლური დაფინანსება არის საქართველოს მოსახლეობაზე გავლენის მოხდენის ერთადერთი საშუალება, რადგან ოპოზიცია, რომელიც უთავო ქათამივით იქცევა, ჯამბაზების შოუს წარმოადგენს. ეს უბრალოდ არასერიოზული ხალხია და უცხოური ფულის გარეშე ოქტომბრის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების იმედი არ ექნებოდათ“, – წერია სტატიაში.
როგორც გამოცემა წერს, „ყველაზე გამაოგნებელი კი არის ის, რომ ისინი, ვინც ეწინააღმდეგებიან „უცხოური აგენტის“ კანონს, ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ დასავლეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოები არის ერთადერთი გზა „ქართული ოცნების“ გასაშვებად და მათ უნდა დართონ ნება, რომ აიღონ უცხოეთიდან ფული ამის გასაკეთებლად“.
„როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ ამ კანონმდებლობის მიღებით უბრალოდ ცდილობს უზრუნველყოს, რომ უცხოურმა ფულმა ვერ შეასრულოს საიდუმლო როლი მათი ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში. ისინი არც კი ცდილობენ უცხოური ფულის აკრძალვას, კანონი უბრალოდ მოითხოვს, რომ მათ, ვინც დაფინანსების დიდ ნაწილს იღებენ უცხოური წყაროებიდან, ხალხს აცნობონ, საიდან მოდის მათი ფული. თუმცა დასავლელი ლიდერები თითქოს შოკირებულები არიან და ვერ ხვდებიან, რატომ სურს საქართველოს ამერიკული კანონის კოპირება. არ უნდა გაუკვირდეთ. იმ პანიკის ფონზე, რომელმაც მოიცვა დასავლეთი ბოლო წლების განმავლობაში საგარეო ჩარევის გამო, შეიძლება იმის თქმაც, რომ საქართველომ ეს ჩვენგან ისწავლა“, – აღნიშნულია სტატიაში.