გამოცემა „აქსიოსი“ - თეთრი სახლის გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ კურსკის ოლქს და ჩაფიქრებულია, როგორც რეაგირება ჩრდილოეთ კორეის სამხედრო მოსამსახურეების ომში ჩართვაზე
თეთრი სახლის გადაწყვეტილება, ნება დართოს უკრაინას, ამერიკული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებისთვის გამოიყენოს, ეხება მხოლოდ რუსეთის კურსკის ოლქს და ჩაფიქრებულია, როგორც რეაგირება ომში ჩრდილოეთ კორეის სამხედრო მოსამსახურეების ჩართვაზე. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „აქსიოსი“ ავრცელებს.
„აქსიოსის“ წყაროს ცნობით, უკრაინას ნება დართეს, გამოიყენოს „ატაკამსი“ ჯერჯერობით მხოლოდ რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე, სადაც საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის მხარეს ჩრდილოეთ კორეის სამხედროებმა დაიწყეს მონაწილეობა.
გამოცემა წერს, რომ უკრაინას ამ გადაწყვეტილების შესახებ, სავარაუდოდ, სამი დღის წინ აცნობეს.
ამასთან, გამოცემასთან საუბარში წყარო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების მიზანია ჩრდილოეთ კორეის შეკავება რუსეთის დასახმარებლად უკრაინის წინააღმდეგ ომში დამატებითი ძალების გაგზავნისგან.
თეთრ სახლში იმედოვნებენ, რომ ჩრდილოეთკორეული ძალები რუსეთში სერიოზული დარტყმის ქვეშ თუ მოექცევიან, ფხენიანში, შესაძლოა, გადახედონ გადაწყვეტილებას რუსეთის შემდგომი მხარდაჭერის შესახებ. ეს კი, თავის მხრივ, უარყოფითად აისახება რუსეთის კონტრშეტევაზე უკრაინული ძალების კურსკის რეგიონიდან განსადევნად.
ცნობისთვის, უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოხსნა შეზღუდვები, რომლებიც უკრაინას უკრძალავდა აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელებას.
როგორც „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, უკრაინა შორ მანძილზე დარტყმების განხორციელებას პირველად მომდევნო დღეებში გეგმავს, თუმცა, უსაფრთხოების საკითხიდან გამომდინარე, დეტალებს არ ასაჯაროებენ.