გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი - სომეხი და აზერბაიჯანელი აბიტურიენტების ნაწილი უნივერსიტეტებში ინფორმაციის უქონლობის გამო ვერ მოხვდა
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი - სომეხი და აზერბაიჯანელი აბიტურიენტების ნაწილი უნივერსიტეტებში ინფორმაციის უქონლობის გამო ვერ მოხვდა

საქართველოში მცხოვრები სომეხი და აზერბაიჯანელი აბიტურიენტების ნაწილი უნივერსიტეტებში ინფორმაციის უქონლობის გამო ვერ მოხვდა, – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განათლების სამინისტროსთან ეთნიკური უმცირესობების აქციაზე საუბრისას განაცხადა.

სომეხმა და აზერბაიჯანელმა აბიტურიენტებმა, რომლებმაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, მაგრამ უმაღლეს სასწავლებელში ვერ მოხვდნენ, განათლების სამინისტროსგან სხვადასხვა უნივერსიტეტში დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე გადანაწილებას მოითხოვეს.

როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, გამოცდების ეროვნული ცენტრი გაააქტიურებს საინფორმაციო კამპანიას, რათა აბიტურიენტები მსგავსი პრობლემის წინაშე აღარ აღმოჩნდნენ.

„შევეცადეთ, გაგვერკვია, რა იყო ამის მიზეზი და როგორც გვაქვს ინფორმაცია, ძირითადად პრობლემა ის არის, რომ ისინი, ალბათ, სათანადოდ არ იყვნენ ინფორმირებული, როცა სარეგისტრაციო განაცხადს ავსებდნენ. მათ რომ გაცილებით მეტი უნივერსიტეტი აერჩიათ, ასეთი პრობლემა არ იქნებოდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეცდებით, საინფორმაციო კამპანია კიდევ უფრო გავააქტიუროთ, რათა მსგავსი პრობლემა აღარ დაგვიდგეს. გარდა ამისა, განვიხილავთ, ამ ეტაპზე როგორ შეიძლება პრობლემის მოგვარება და კიდევ ერთი, რასაც ვგეგმავთ ის არის, რომ შევიმუშაოთ გრძელვადიანი სტრატეგია, როგორ უზრუნველვყოთ ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღების უფლების რეალიზება“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მცხოვრები, სომეხი და აზერბაიჯანელი აბიტურიენტების ნაწილი, რომელმაც წელს ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური ბარიერი გადალახა თუმცა უმაღლესი სასწავლებლების მიღმა დარჩა, სხვადასხვა უნივერსიტეტში დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე გადანაწილებას ითხოვს. ამ მოთხოვნით მათ დღეს განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს. ახალგაზრდების განცხადებით, მათ აბიტურიენტთა რეგისტრაციისას მხოლოდ სამი უნივერსიტეტი მიუთითეს, ვინაიდან არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მეტი სასწავლებლის მითითება შეეძლოთ.