გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი - გვსურს, უფრო მეტად დავაახლოოთ გამოცდების შინაარსი იმ საგნებთან, რაც სკოლაში ისწავლება
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე განმარტავს, 2020 წლიდან რატომ აღარ იქნება სავალდებულო აბიტურიენტებისთვის ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება.
მისივე განცხადებით, საჭიროა, უფრო მეტად დაახლოვდეს გამოცდების შინაარსი იმ საგნებთან, რაც სკოლაში ისწავლება.
„ზოგადი უნარები არჩევით საგანთა ნუსხაში გადავიდა. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. გვსურს, უფრო მეტად დავაახლოოთ გამოცდების შინაარსი იმ საგნებთან, რაც სკოლაში ისწავლება. ასევე ყველაზე მეტად დამატებით ემზადებიან უნარებსა და უცხო ენებში. ამიტომ ჩავთვალეთ, ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ უნარები სავალდებულო გამოცდა აღარ იყოს, მაგრამ არჩევით საგანთა ნუსხაში გადავა. თუ უნივერსიტეტს სურს, მას შეუძლია, ეს საგანი დაამატოს“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.
ეროვნული გამოცდები 2020 წლიდან სამ საგანში ჩატარდება, ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება. ამასთან, 2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება. კერძოდ, 2019 წელს მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაუქმდება გამოსაშვები გამოცდები, თუმცა აღნიშნული გამოცდები წელს მეთორმეტე კლასელებისთვის შენარჩუნდება.