შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებში სიახლეების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ცენტრის ცნობით, სიახლეები შეეხება ისტორიის, მათემატიკისა და უცხოური ენის ტესტების ფორმატებს.
„სხვადასხვა საგანში გამოცდების შედეგების ფსიქომეტრიული და ექსპერტული ანალიზის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით საგამოცდო ტესტის ფორმატი ან მისი ცალკეული დავალებები პერიოდულად იცვლება. ამ სიახლეების მიზანია ტესტის უფრო მეტად დახვეწა. შარშან სიახლეები შეეხო ქართული ენისა და ლიტერატურის და გეოგრაფიის ტესტების ფორმატს. წელს გთავაზობთ სიახლეებს ისტორიის, მათემატიკისა და უცხოური ენის ტესტების ფორმატში.
ისტორიის ტესტი – 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტში არსებული №22, 23, 24 დავალებების ნაცვლად საგამოცდო ტესტში მოცემული იქნება ახალი ფორმატის დავალება, რომელიც იმავე უნარებს შეამოწმებს, რასაც ეს დავალებები ამოწმებდა. კერძოდ: ისტორიული მოვლენებისა და პროცესების დამახასიათებელი, არსებითი ნიშნების გამოვლენა; ისტორიული მოვლენებისა და პროცესების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოვლენა; ისტორიული მოვლენების შეფასების უნარი; ისტორიული მოვლენების/ფაქტების კრიტიკული გააზრების უნარი; არგუმენტირებული მსჯელობის უნარი; შეფასების უნარი.
ამ შემთხვევაში საუბარია ტესტის განსხვავებული ფორმატისა და არა არსობრივ-შინაარსობრივი ხასიათის ცვლილებაზე, რაც უფრო მოქნილს, საინტერესოს და კომპლექსურს გახდის დავალებას. ერთ ისტორიულ მოვლენაზე ფოკუსირებულ აბიტურიენტს შეეძლება უფრო ვრცლად და არგუმენტირებულად იმსჯელოს მოცემულ თემატიკაზე და უკეთ გამოავლინოს ზემოთ ჩამოთვლილი უნარები.
ახალი ფორმატის დავალებაში მოცემულია დავალების პირობა, რომელსაც აბიტურიენტები გულდასმით უნდა გაეცნონ, შემდეგ კი ქვეკითხვების მიხედვით უნდა ჩამოაყალიბონ საკუთარი მოსაზრებები და არგუმენტები წარმოდგენილ თემაზე. დავალება ექვსქულიანია. ტესტის მაქსიმალური ქულა არ შეიცვლება (60). საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კვლავ ორი საათი და 40 წუთი იქნება.
აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვე განმარტავს, რომ:
1. დავალების პირობებში დაკონკრეტებული იქნება მიზეზის ტიპი, მაგალითად, ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და ა.შ., საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე.
2. დავალების პირობებში დაკონკრეტებული იქნება რა ტიპის შედეგზეა საუბარი, მაგალითად, ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და ა.შ., საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე.
3. არგუმენტის დამოწმების გარეშე, აპლიკანტი ვერ მიიღებს დადებით შეფასებას. გარდა ამისა, დადებითი ქულით არ შეფასდება ზოგადი ხასიათის პასუხი/არგუმენტი, რომელიც, პრაქტიკულად, ნებისმიერ სხვა საკითხს „მოერგება“. მაგალითად: კარგი/ცუდი იქნებოდა ხალხისთვის, სახელმწიფოსთვის და ა.შ., პროგრესული/ დადებითი ან უარყოფითი იყო და ა. შ.). ამგვარი ზოგადი პასუხები არ შეფასდება.
4. არგუმენტის მოტანის გარეშე, აპლიკანტი ვერ მიიღებს დადებით შეფასებას. გარდა ამისა, დადებითი ქულით არ შეფასდება ზოგადი ხასიათის პასუხი/არგუმენტი, რომელიც, პრაქტიკულად, ნებისმიერ სხვა საკითხს „მოერგება“. მაგალითად: კარგი/ცუდი იქნებოდა ხალხისთვის, სახელმწიფოსთვის და ა.შ., პროგრესული/ დადებითი ან უარყოფითი იყო და ა. შ.). ამგვარი ზოგადი პასუხები არ შეფასდება.
5. ანალოგიის დამადასტურებელი მსჯელობის/ფაქტების დასახელების გარეშე, აპლიკანტი ვერ მიიღებს დადებით შეფასებას.
რაც შეეხება მათემატიკის ტესტს, 2023 წელს მათემატიკის ტესტი შედგენილი იქნება 41 დავალებისაგან.
„ტესტში გაიზარდა არჩევითპასუხიანი დავალებების წილი, კერძოდ მოცემული იქნება 37 არჩევითპასუხებიანი დავალება. ასევე იქნება ოთხი ღია, წერითი დავალება. ღია დავალებები იქნება სამქულიანი (ორი დავალება) და ოთხქულიანი (ორი დავალება). შესაბამისად, ღია დავალებების მაქსიმალური ჯამური ქულა იქნება 14. ტესტის მაქსიმალური ქულა იგივე დარჩება (51).
ტესტის შესრულებისათვის გამოყოფილი დრო კვლავ სამი საათია.
აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობითვე, უცხოური ენის ტესტების ფორმატში შევიდა შემდეგი ცვლილებები:
ტესტში შემოტანილია კომუნიკაციური სახის დავალება – დიალოგის შევსება. ეს დავალება ჩაანაცვლებს წერის პირველ დავალებას – წერილს.
ტესტიდან ამოღებულია მოსმენის პირველი დავალება. მოსმენის მეორე დავალების სავარაუდო პასუხების რაოდენობა გახდა ოთხი.
გრამატიკის ცოდნა შემოწმდება დახურული დავალებებით. აბიტურიენტმა სწორი პასუხის ჩაწერის ნაცვლად, მოცემული ოთხი პასუხიდან უნდა აირჩიოს და პასუხების ფურცელზე მონიშნოს მხოლოდ ერთი, რომელიც სწორად მიაჩნია.
წერითი დავალების მოცულობა განისაზღვრა 120 – 170 სიტყვით.
„ტესტის დავალებების საერთო რაოდენობა არის შვიდი. ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს. გამოცდის ხანგრძლივობა იქნება 2 საათი და 30 წუთი“, – აღნიშნულია გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.