გამოცდების ეროვნული ცენტრი - დავალება, სადაც ტერორიზმის განმარტებაა მოცემული, ყველა თვალსაზრისით კორექტულია
გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტებას აკეთებს ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტზე, რომელშიც ტერორიზმი განმარტებულია, როგორც „რთული სოციალური თუ პოლიტიკური პრობლემების გადაჭრის უკიდურესი საშუალება“.
საგამოცდო ტესტის ამ დავალებას სოციალურ ქსელში კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა.
როგორც ეროვნული ცენტრის ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს დავალება ყველა თვალსაზრისით კორექტულია. მათივე ცნობით, მხოლოდ დავალების ნაწილის განხილვა და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფორმით საზოგადოებისთვის მიწოდება არაობიექტურია.
რაც შეეხება დავალების წყაროს, ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ ტერორიზმის განმარტება აღებულია პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ენციკლოპედიური ლექსიკონიდან.
„რაც შეეხება ტესტის IV ვარიანტს, ეს დავალება ყველა თვალსაზრისით კორექტულია, ცხადია, თუ განგებ არ დავანაწევრებთ და ფრაგმენტებს არასწორი აქცენტებით არ გავავრცელებთ.
ტერმინის განმარტება დავალების განუყოფელი ნაწილია, განმარტებაში გამოკვეთილია პრობლემის ის ასპექტი, რომელიც დავალების შესრულებაში ეხმარება აბიტურიენტს.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მხოლოდ დავალების ნაწილის განხილვა და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფორმით საზოგადოებისათვის მიწოდება, სულ ცოტა, არასწორი და არაობიექტურია.
კითხვას, რამდენად ადეკვატურად გაიგეს აბიტურიენტებმა დავალება, პასუხს გასცემს აბიტურიენტთა ნაშრომები. დავალების ფრაგმენტით ვნებათაღელვის გამოწვევა კი ნაკლებად სავარაუდოა, აბიტურიენტების ინტერესების გამო ხდებოდეს.
რაც შეეხება დავალების წყაროს: Civil – ენციკლოპედიური ლექსიკონი („…ტერორიზმი წარმოადგენს ბევრად უფრო ფართო და რთული სოციალური, ეკონომიკური, იდეოლოგიური თუ პოლიტიკური პრობლემების ნაკრების გამოვლენას, შეიძლება ითქვას – წარმოადგენს ამ პრობლემების გადაჭრის ექსტრემალურ საშუალებას“) http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=2683.
დავალების სრულად გაცნობისა და ობიექტურად შეფასებისათვის გთავაზობთ ბმულს: https://naec.ge/…/kartulienadaliteratura-IV-Varianti-2018.p…“, – აღნიშნულია გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, აღნიშნულ საგამოცდო ტესტში ტერორიზმის განმარტების წაკითხვის შემდეგ, აბიტურიენტს მოეთხოვება, გაიაზროს ტერმინი და შეასრულოს შემდეგი დავალება: „როდესაც ადამიანები ცდილობენ, გაამართლონ ძალადობრივი ქმედებები, ხელს უწყობენ ტერორიზმის გაძლიერებას“.