„გალტ ენდ თაგარტი“ - წელს წლიური ინფლაცია 7.0 პროცენტიან ნიშნულთან შენარჩუნდება, ფასების ზრდის ტემპის შენელება 2020 წლის მეორე კვარტლიდან არის მოსალოდნელი 
„გალტ ენდ თაგარტი“ - წელს წლიური ინფლაცია 7.0 პროცენტიან ნიშნულთან შენარჩუნდება, ფასების ზრდის ტემპის შენელება 2020 წლის მეორე კვარტლიდან არის მოსალოდნელი 

საინვესტიციო კომპანია „გალტ ენდ თაგარტმა“ (Galt & Taggart) საქართველოს ეკონომიკის განახლებული მიმოხილვა გამოაქვეყნა.

მიმოხილვის მიხედვით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიუხედავად, 2019 წლისთვის 4.5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შენარჩუნდება, თუმცა კვლევაზე დაყრდნობით ამ მხრივ ზეწოლა 2020 წელს იქნება.

„მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიუხედავად, ვინარჩუნებთ 4.5 პროცენტიან ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 2019 წლისთვის, თუმცა ვფიქრობთ, ზეწოლა იქნება 2020 წელს. ამასთან, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და მასთან დაკავშირებული საპროცენტო განაკვეთების ზრდა შეანელებს მოთხოვნას ლარის სესხებზე. თუმცა, უცხოური ვალუტის ლიკვიდობის ზრდის გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ უცხოურ ვალუტაში პროცენტები არ მოიმატებს და სესხებიც გაიზრდება. აქედან გამომდინარე, ველით, რომ საბანკო სესხები 2020 წელს ნომინალურ მშპ-ის ზრდაზე მაღალი ტემპით გაიზრდება“, – აღნიშნულია კვლევაში.

ამასთან, „გალტ ენდ თაგარტის“ ექსპერტების განმარტებით, ექსპორტის ზრდამ და ნავთობპროდუქტებისა და უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებული იმპორტის ვარდნამ, საგარეო ბალანსი მნიშვნელოვნად გააუმჯობესა, რის შედეგადაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა და მშპ-ს 4.6 პროცენტი შეადგინა 2019 წლის პირველ ნახევარში.

„ველით, რომ სუსტი ეროვნული ვალუტის ზეგავლენით სავაჭრო ბალანსი გაუმჯობესებული დარჩება და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2019 წელს მშპ-ს 5.0 პროცენტზე დაბლა შენარჩუნდება. 2019 წლის პირველ ცხრა თვეში ბიუჯეტის ხარჯვა დაჩქარებულია და ფისკალურმა დეფიციტმა წლიური გეგმის 37 პროცენტი შეადგინა, მაშინ, როცა შარშან იგივე პერიოდში ბიუჯეტი პროფიციტული იყო. შესაბამისად, მთავრობის ინფრასტრუქტურული ხარჯების დაჩქარებას ეკონომიკურ ზრდაზე დადებითი გავლენა ჰქონდა. 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, ფისკალური დეფიციტი მშპ-ს 2.7 პროცენტზეა დაგეგმილი, ხოლო მიმდინარე ხარჯები მშპ-ს 23 პროცენტზე ნარჩუნდება სოციალური ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად. ველით, რომ საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 4.7 პროცენტით გაიზრდება საგარეო მოთხოვნის და ინვესტიციების გავლენით. ამასთან, თუ 2020 წელს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არ შემცირდება და საპარლამენტო არჩევნები ბიზნესის განწყობას გააუარესებს, 2020 წლის ზრდა მოსალოდნელია შენელდეს 4.0 პროცენტამდე. მეორე მხრივ, ეკონომიკურ ზრდაზე დადებითი გავლენა ექნება თუ რუსეთი გააუქმებს პირდაპირი ფრენების აკრძალვას“, – წერია „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევაში.

ასევე, მკვლევარების განცხადებით, ბოლო თვეებში ნეგატიური მოლოდინების მიუხედავად, 2019 წლის ივლის-სექტემბერში ეკონომიკური ზრდა მაღალ, 5.7 პროცენტიან ნიშნულზე დაფიქსირდა. თუმცა, ლარი მკვეთრად გაუფასურდა, რამაც სამომხმარებლო ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა და წლიურმა ინფლაციამ 2019 წლის ოქტომბერში 6.9 პროცენტი შეადგინა.

„აღსანიშნავია, რომ ბოლო თვეებში მშენებლობა გამოცოცხლდა და ინვესტიციების ზრდას ასევე ხელს უწყობს საბანკო დაკრედიტება. ასევე პოზიტიურია „სტანდარტ ენდ ფუარსის“ მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის ერთი საფეხურით გაზრდა 2019 წლის ოქტომბერში. საგარეო ბალანსის გაუმჯობესების მიუხედავად, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობდა. ლარზე ზეწოლის მოსახსნელად, ბოლო თვეებში ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 72.8 მლნ აშშ დოლარი, გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5 პროცენტიდან 8.5 პროცენტამდე და 5 პროცენტული პუნქტით შეამცირა სარეზერვო მოთხოვნები უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე, მაგრამ ამის მიუხედავად, ლარი კვლავ ზედმეტად გაუფასურებული რჩება. იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წლის მეორე კვარტლიდან ინფლაცია სავარაუდოდ, დაუახლოვდება 3.0 პროცენტიან სამიზნე ნიშნულს, შესაბამისად, ჩვენ ვერ ვხედავთ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ზრდის საჭიროებას. თუმცა, ველოდებით, რომ ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტის ლიკვიდობას კვლავ გაზრდის ლარის მხარდასაჭერად. ასევე, ეროვნულ ბანკს დედოლარიზაციასთან მიმართებაში უფრო დაბალანსებული მიდგომა ესაჭიროება, რადგან ლარში სესხების ზრდა, ლარის მიმართ უნდობლობა და დოლარის დეპოზიტების ზრდა ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის სისუსტის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს წარმოადგენს“, – აღნიშნულია კვლევაში.

ამასთან, კომპანიის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ლარზე ზეწოლა შესაძლებელია აღმოიფხვრას ლარით დაკრედიტების 200 000-იანი ზღვარის შემცირებით.

„ზეწოლის შემცირება ასევე სასურველია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებისა და 2019 და შემდგომ წლებში მთავრობის შიდა ვალის ზრდის გათვალისწინებით. დედოლარიზაციის პროცესი სარგებლის მომტანია ეკონომიკისთვის, თუმცა ჩვენ ამას ვხედავთ როგორც გრძელვადიან პროცესს კაპიტალის ბაზრის განვითარების გზით. ჩვენი გათვლებით წლის ბოლომდე წლიური ინფლაცია მაღალ 7.0 პროცენტიან ნიშნულთან შენარჩუნდება, ხოლო ფასების ზრდის ტემპის შენელება 2020 წლის მეორე კვარტლიდან არის მოსალოდნელი. ეს კი, სავარაუდოდ საშუალებას მისცემს ეროვნულ ბანკს, შეამციროს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 1-1.5 პროცენტული პუნქტით 2020 წლის განმავლობაში” – აღნიშნულია „გალტ ენდ თაგარტის“ (Galt & Taggart) მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.