გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების შეხვედრა მიმდინარეობს
გალში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა. როგორც სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე აუცილებლად იქნება საუბარი საქართველოს იმ მოქალაქეების შესახებ, ვინც აფხაზურ ციხეში უკანონოდ იმყოფება – მამა-შვილი როგავები , გიორგი ლუკავა, მანუჩარ წვიჟბაია და სხვები.
ქემოკლიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლება მოხდა მოლაპარაკებების გზით და არანაირ გაცვლაზე საუბარი არ ყოფილა.
დღევანდელ შეხვედრაზე კვლავ დაისმება გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის რაშიდ კანჯი-ოღლის დაკავების საკითხი. აუცილებლად იქნება განხილული უკანონო ბორდერიზაციაც, რომელსაც დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ახორციელებენ.
კახაბერ ქემოკლიძის ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები აფხაზური ციხიდან რამდენიმე ქართველის გათავისუფლების შესახებ.