ერგნეთში ინციდენტების პრევენციის ჯგუფის მორიგი შეხვედრა იმართება
ერგნეთში ინციდენტების პრევენციის ჯგუფის მორიგი შეხვედრა იმართება

ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მორიგი შეხვედრა იმართება დღეს ერგნეთში. როგორც სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა, შეხვედრაზე საუბარი იქნება ყველა იმ ინციდენტზე, რაც საოკუპაციო ხაზთან მოხდა ბოლო ორი თვის განმავლობაში.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები და დე ფაქტო რეჟიმის მხრიდან უკანონო ქმედებები იქნება გაპროტესტებული ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან.

ამასთან, სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე აბობს, რომ შეხვედრაზე ქართული მხარე კიდევ ერთხელ მოითხოვს ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნას და იმ ჰუმანიტარულ კრიზისზე ისაუბრებს, რაც გზის ხელოვნურად ჩაკეტვას მოჰყვა.

„დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე განვითარებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფ ჩვენს მოქალაქეებზე, რათა ისინი რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. მთავარი აქცენტი ასევე გაკეთდება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე, რომელიც აქტიურ ფაზაშია შესული. რა თქმა უნდა, საუბარი შეეხება კირბალში მიმდინარე დესტრუქციულ და ნეგატიურ პროცესებს. ზოგადად, რუსეთის საოკუპაციო ძალები აქტიურად აწარმოებენ უკანონო ბორდერიზაციას, რაც გამოიხატება სხვადასხვა ხელოვნური ბარიერის აღმართვაში. ეს უკიდურესად სახიფათო და დესტრუქციული პროცესი უკავშირდება ასევე ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავებას. ეს არის ოკუპაციის ნეგატიური შედეგი, რაზეც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. ყველა ინციდენტს განვიხილავთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განხილული იქნება თითოეული შემთხვევა. ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ რაც შეიძლება მალე ექვსივე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახებს“, – განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ.

ამ დროისთვის დე ფაქტო რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში საქართველოს ექვსი მოქალაქეა. ლაშა ხეთერელს,მამუკა ჩხიკვაძეს, ზაზა მეგრელიშვილს, თამაზ გოგიჩაშვილს, კახაბერ ნათაძეს და ვლადიმერ კანიაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.