თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმისა და კოტე და სოსო წერეთლების ბინა-მუზეუმის შემდეგ, კიდევ ერთი მუზეუმის რეაბილიტაცია დაასრულა.
ამჯერად, დამთვალიერებლებს გალაკტიონ ტაბიძის განახლებული მემორიალური ბინა-მუზეუმი უმასპინძლებს.
როგორც დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილიამ განაცხადა, დღეს თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ქალაქს კულტურული და ტურისტული მნიშვნელობის კიდევ ერთი ობიექტი შეემატა – დიდი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის ბინა-მუზეუმი, რომელზეც რამდენიმე წლის განმავლობაში, მუზეუმების გაერთიანებამ იმუშავა.
„განახლებულ სივრცეში, სხვადასხვა ფორმატში ძალიან ბევრი ინფორმაციაა წარმოდგენილი. ვფიქრობ, რომ ზოგადად, მუზეუმებისა და ჩვენი ისტორიის განახლება ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც აუცილებლად გავაგრძელებთ. შემოდგომაზე გავხსნით ილია ჭავჭავაძის სახლ- მუზეუმს. მომავალ წელსაც ძალიან ბევრი საინტერესო ობიექტის გახსნა იგეგმება“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
როგორც პოეტმა, ვახტანგ ჯავახაძემ აღნიშნა, ბინაში, სადაც მუზეუმი გაიხსნა, გალაკტიონ ტაბიძემ 24 წელი გაატარა.
„ეს სახლი აშენდა 1935 წელს. ათი მწერალი შემოასახლეს ამ შენობაში, მათ შორის გალაკტიონიც. შემდეგ ბევრი გადავიდა, უკეთესი ბინები მიიღეს, გალაკტიონი კი ბოლომდე დარჩა და 24 წელი გაატარა ამ კედლებში. ამ სახლიდან 1959 წლის 17 მარტს გავიდა და აღარ დაბრუნებულა. სამწუხაროდ, გალაკტიონის მუზეუმი ფართობით ყველაზე პატარა მუზეუმია. რემონტის შემდეგ, კედლები მოიხსნა და ცოტა სივრცე მოემატა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს უკეთესი ფართობია. აქ გალაკტიონის მთელი ცხოვრებაა წარმოდგენილი“, – განაცხადა ვახტანგ ჯავახაძემ.
ბინა-მუზეუმი თბილისში, მარჯანიშვილის ქ. N4-ში მდებარეობს.