გაგა კირკიტაძე - პლეი ოფში მეტოქესაც უნდა ვაჯობოთ და საკუთარ თავსაც უნდა გადავახტეთ #1TVSPORT
გაგა კირკიტაძე - პლეი ოფში მეტოქესაც უნდა ვაჯობოთ და საკუთარ თავსაც უნდა გადავახტეთ #1TVSPORT

„გაგრამ“ ეროვნულ ლიგა 2-ში გამოსვლა მეორე ადგილზე დაასრულა. ეროვნულ ლიგაში გადასასვლელად გაგა კირკიტაძის გუნდი პლეი ოფში ქობულეთის „შუქურას” შეხვდება გაგრელები პირველ შეხვედრას 8 დეკემბერს, სტუმრად, „ჩელე არენაზე“ გამართავენ, ხოლო განმეორებითი მატჩი 12 დეკემბერს, თბილისის ზღვის ბაზაზე გაიმართება.

„გაგრა“ შარშანაც ახლოს იყო მიზანთან, მაგრამ პლეი ოფის ეტაპზე ქუთაისის „ტორპედოს“ ბარიერი ვერ დაძლია, თუმცა საქართველოს თასის მოგება შეძლო. გუნდის წარმატებული ეპოქის გვირგვინი ეროვნულ ლიგაში აღზევება იქნება.

პლეი ოფის წინ „გაგრამ“ ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრა გამართა საგარეჯოს „გარეჯთან“ და დამაჯერებლად დაამარცხა – 3:0. ამით გუნდმა მეტი თავდაჯერებულობა შეიძინა და ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა, რაც პლეი ოფის წინ მნიშვნელოვანი ფაქტია. ამ და სხვა საკითხებზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გაგა კირკიტაძემ ილაპარაკა.

– „გარეჯთან“ შეხვედრა ტრავმის გამო რამდენიმე მოთამაშემ გამოტოვა. როგორია მათი მდგომარეობა და პლეი ოფში გუნდის დახმარებას თუ შეძლებენ?

– ვიმედოვნებ, რომ პლეი ოფში ყველა ფეხბურთელი მწყობრში იქნება და მეტოქის წინააღმდეგ ოპტიმალური შემადგენლობით ვითამაშებთ.

– ლიგა 2-ის პირველობის დასკვნით მეოთხე წრეში იყო რამდენიმე მომენტი, როცა „გაგრა“ სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებოდა, მაგრამ პირველი ადგილი ვერ შეინარჩუნა. რამ გამოიწვია ეს?

– არ მინდა თავის მართლებასავით გამომივიდეს, მაგრამ, რომ არა საკადრო პრობლემები, დიდი ალბათობით, უკვე ეროვნულ ლიგაში ვიქნებოდით. ფაქტობრივად, მეოთხე წრეში ოპტიმალური შემადგენლობით არ გვითამაშია. იყო მომენტები, როცა 7-8 ფეხბურთელი გვაკლდა. ჩვენ კი მოგეხსენებათ, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ სრულფასოვანი როტაცია განვახორციელოთ. შესაბამისად, რიგ თამაშებში მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ.

– ქობულეთის „შუქურა“ თქვენთვის კარგად ნაცნობი გუნდია. წელს თასის მეოთხედფინალშიც შევხვდით – რა შეგიძლიათ თქვათ მის ძლიერ და სუსტ მხარეებზე?

– კარგად დაბალანსებული გუნდია. ჰყავს სწრაფი ფორვარდები. კონტრშეტევებზე ორგანიზებულად გადადიან. ეროვნული ლიგის გუნდია და მაღალ დონეზე თამაშის მეტი გამოცდილებაც აქვთ. შესაბამისად, სრული მობილიზება გვმართებს, რომ მიზანს მივაღწიოთ და ეროვნული ლიგის საგზური მოვიპოვოთ. ამისთვის მეტოქესაც უნდა ვაჯობოთ და საკუთარ თავსაც უნდა გადავახტეთ.

– როგორ მოემზადება გუნდი „შუქურასთან“ თამაშებისთვის?

– ზოგადად ველოსიპედის გამოგონების წინააღმდეგი ვარ. ჩვენ მივყვებით იმ დინამიკას, რომლითაც აქამდე მოვედით. მაქსიმალურად მობილიზებულები ვიქნებით და ვითამაშებთ იმ ფეხბურთს, რომელიც ვიცით და გვეხერხება.

– მოსალოცი ამბავია. გუნდის ფორვარდი თამაზ მაქაცარია ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მის შესახებ რა შეგიძლიათ თქვათ?

– ვულოცავ თამაზს ბომბარდირის ტიტულს. თამაზ მაქაცარია არის უაღრესად მრავალმხრივი და ნიჭიერი ფეხბურთელი. ჩემი სუბიექტური აზრით, ის ეროვნული ლიგის ნებისმიერ გუნდს დაამშვენებდა. იმედი მაქვს, რომ თამაზი კიდევ არაერთხელ გაგვახარებს.