თამაზ მაქაცარია - ლიგა 2-ის ბომბარდირობა მახარებს, წელს ჩემი პირადი რეკორდი მოვხსენი #1TVSPORT
თამაზ მაქაცარია - ლიგა 2-ის ბომბარდირობა მახარებს, წელს ჩემი პირადი რეკორდი მოვხსენი #1TVSPORT

ეროვნული ლიგა 2-ის უკვე დასრულებული ჩემპიონატის ბომბარდირები „გაგრას“ ფორვარდი, თამაზ მაქაცარია და მარტვილის „მერანის“ მალელი ლეგიონერი, შეიკნე სილა გახდნენ, რომელთა ანგარიშზეც 23-23 გოლია.

განვლილ სეზონსა და საკუთარ წარმატებაზე კომენტარი თამაზ მაქაცარიამ გააკეთა.

„ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი. ეს პირველი შემთხვევაა ჩემთვის და ვიმედოვნებ მომავალშიც ასე იქნება. პირველ რიგში, მახარებს, რომ წლევანდელ სეზონში ჩემი პირადი რეკორდი მოვხსენი. აქამდე საუკეთესო შედეგი 21 გოლი მქონდა“, – ამბობს მაქაცარია.

„გაგრას“ თავდამსხმელი ამ წარმატებისთვის მადლობას თანაგუნდელებს უხდის.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა მოვახსენო ჩემს თანაგუნდელებს. რომ არა მათი მხარდაჭერა და კარგი თამაში, ბომბარდირი ვერ გავხდებოდი“.

„გაგრამ“ ეროვნულ ლიგა 2-ში ასპარეზობა მეორე ადგილით დაასრულა და უმაღლესი ლიგის საგზურის მოსაპოვებლად გუნდმა პლეი ოფში უნდა გაიმარჯვოს, სადაც ქობულეთის „შუქურას“ დაუპირისპირდება. „გაგრა“ პირველ შეხვედრას 8 დეკემბერს სტუმრად, „ჩელე არენაზე“ გამართავს, ხოლო განმეორებითი მატჩი 12 დეკემბერს – თბილისის ზღვის ბაზის საფეხბურთო ცენტრში ჩატარდება.

თამაზ მაქაცარიას თქმით, ახლა ყველა სეზონის მთავარი მატჩებისთვის ემზადება.

„ამჟამად, სრული კონცენტრაცია „შუქურასთან“ თამაშზე გვაქვს გადატანილი. ქობულეთელებს კარგი დაცვა ჰყავთ, მაგრამ თანაგუნდელების დახმარებით, შევეცდები მათაც გავუტანო და ეროვნული ლიგის საგზური მოვიპოვოთ“.