გაგა კირკიტაძე - „გაგრა“ ლიგაში დარჩენისთვის მზად არის, რაშიც სერბი სპეციალისტი დაგვეხმარება #1TVSPORT
გაგა კირკიტაძე - „გაგრა“ ლიგაში დარჩენისთვის მზად არის, რაშიც სერბი სპეციალისტი დაგვეხმარება #1TVSPORT

სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის დასკვნითი ეტაპის დრო დადგა. პირველი ოქტომბერს „გაგრა“ „დინამო არენაზე“ გორის „დილას“ ეთამაშება და პოზიციების გამყარებას შეეცდება. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გაგა კირკიტაძემ დასკვნით ეტაპისთვის მზადების პროცესი შეაფასა.

„ჩვენი მიზანი უცვლელია. გუნდი ეროვნულ ლიგაში დარჩენისთვის იბრძოლებს. ვფიქრობ, ამისთვის მზად ვართ. გვესმის, რომ დასკვნით ეტაპზე შეცდომების დრო აღარ არის, ამიტომ მოდუნების უფლება არ გვაქვს. სრული კონცენტრაციით ვემზადებით. ჩემპიონატის ბოლომდე გუნდის მომზადებაში სერბი სპეციალისტი დაგვეხმარება. ჩვენი ბიჭები ყველა თამაშში ბოლომდე დაიხარჯებიან.

ამ გზაზე პირველი ნაბიჯი გორის „დილასთან“ გადაიდგმება. მეტოქე კარგად დაბალანსებული გუნდია. რთული შეხვედრა იქნება, ისევე, როგორც ყოველთვის. ჩვენ მათი თამაში მაქსიმალურად შევისწავლეთ და შევეცდებით სრული კონცენტრაციის პირობებში დადებით შედეგს მივაღწიოთ. განსაკუთრებულ სიურპრიზებს არ ველოდები, თუმცა, ეს ფეხბურთია, თამაში, სადაც ერთ წუთში ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.

ჩემპიონატის პირველ მეოთხედში გუნდმა 11 ქულა მოაგროვა, დაამარცხა თბილისის „დინამო“, „საბურთალო“, შემდეგი ორი წრის განმავლობაში კი 7-7 ქულა მოიპოვა. რა გახდა ამის მიზეზი? პირველ წრეში ჩვენთან ეროვნული ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი თამაშობდა. შემდეგ გუნდი ლიდერებმა დატოვეს და ფაქტობრივად, სეზონის მსვლელობისას ახალი შემადგენლობის ძებნა მოგვიხდა. ბუნებრივია, ეს ნებისმიერი გუნდისთვის მტკივნეული პროცესია და „გაგრა“ გამონაკლისი ვერ იქნებოდა. აქედან გამომდინარე შედეგის დინამიკამაც იკლო.

მზადების პროცესით კმაყოფილი ვარ. ყველა ფეხბურთელი მწყობრშია. ერთადერთი, დისკვალიფიკაციის გამო ცენტრალური მცველი ნოზაძე გამოგვაკლდება. თუმცა, ჩვენ გვაქვს გეგმა და ვფიქრობ, ამის გამო პრობლემები არ შეგვექმნება“, – ამბობს გაგა კირკიტაძე.