„გაგრას“ მწვრთნელი - პრობლემები გვაქვს, თამაშებს ცუდად ვიწყებთ #1TVSPORT
„გაგრას“ მწვრთნელი - პრობლემები გვაქვს, თამაშებს ცუდად ვიწყებთ #1TVSPORT

„გაგრას“ მთავარმა მწვრთნელმა, გაგა კირკიტაძემ წყალტუბოს „სამგურალთან“ სტუმრად გამართულ შეხვედრაზე (1:1) კომენტარი გააკეთა. ახალგაზრდა სპეციალისტმა გუნდის ნაკლზეც ისაუბრა:

„წყალტუბოს „სამგურალი“ კარგი გუნდია, რომელსაც ძლიერი მწვრთნელი ჰყავს და გააზრებულად თამაშობს. მას წარმატებებს ვუსურვებ, ჩემს ბიჭებს კი თავდადებისთვის მადლობა მინდა გადავუხადო. ცხადია, ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ, მაგრამ ფრე ამ მატჩის კანონზიმიერი შედეგი იყო“, – ამბობს გაგა კირკიტაძე.

„გაგრას“ მთავარმა მწვრთნელმა გუნდის ერთ-ერთ მთავარ პრობლემაზეც ღიად ისაუბრა:

„პირველი ტაიმი ცუდად დავიწყეთ – სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ფაქტია, რომ შეხვედრის დასაწყისში მსგავსი პრობლემები გვაქვს. ამაზე ვმუშაობთ. შესვენებაზე ვისაუბრეთ ბიჭებთან, რომ თავდაჯერებულობა გვაკლდა, მეორე ტაიმი უკეთესი იყო და შესაბამისად, თამაშიც უკეთ გამოგვივიდა“.

ეროვნულ ლიგაში გამართული 7 ტურის შემდეგ „გაგრამ“ 8 ქულა დააგროვა და მე-8 ადგილზეა. გუნდი მთავარ ქართულ ლიგას 10-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.