„გაგრას“ მწვრთნელი - ჩვენი პრეზიდენტი კიევშია, ახლა ყველაფრის ისევ ნულიდან დაწყება მოუწევს #1TVSPORT
„გაგრას“ მწვრთნელი - ჩვენი პრეზიდენტი კიევშია, ახლა ყველაფრის ისევ ნულიდან დაწყება მოუწევს #1TVSPORT

ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ლიდერის, „გაგრას“ მთავარმა მწვრთნელმა, გაგა კირკიტაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ გუნდის პრეზიდენტზე, ბესო ჩიხრაძეზე ისაუბრა, რომელიც ამჟამად უკრაინაშია.

„ბესოს ვესაუბრე და ვიცი, რომ ახლა კიევშია, მისი შვილი უკრაინის გვერდში დგას. ბიზნესში პრობლემები აქვს, დაბომბვისას მის საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. აქედან რომ წავიდა და ბიზნესი ააწყო, ახლა ყველაფრის ისევ ნულიდან დაწყება მოუწევს. ცხადია, ეს ფეხბურთელებმა იციან და თავიდან, ეროვნული ლიგის დასაწყისში ამან დიდი მოტივაცია შეგვძინა. მე კლუბის პირველი ეტაპებიც კარგად მახსოვს, „გაგრას“ დაარსება რა მიზანს ემსახურებოდა, რა მესიჯი იყო – რომ გაგრა საქართველოს ნაწილია. ამ კლუბში თავად ვთამაშობდი და „გაგრა“ ჩემთვის ოჯახივითაა. ვცდილობ, ახლა ეს ტკივილი ბიჭებამდე მივიტანო. ისინიც ყველაფერს გაგებით ეკიდებიან. ჩვენ დიდი ბიუჯეტით არ გამოვირჩევით. შესაძლოა, ფინანსური პრობლემაც დადგეს. ასეთ დროს გუნდის მართვა რთულია, მაგრამ მსგავს ვითარებაში მოვხედრივართ და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯებიან“, – ამბობს „გაგრას“ მთავარი მწვრთნელი.

ვლადიმერ გუცაევი, „საფეხბურთო ტაიმაუტის“ თანაწამყვანი: 

„დღეს ნამდვილი გმირობაა, რასაც ბესო ჩიხრაძე აკეთებს – უკრაინაშია, სადაც ვიცით, დაბომბეს, არავითარი ბიზნესი აღარ არსებობს, მაგრამ ამაზე ლაპარაკიც არაა, ახლა მხოლოდ გადარჩენაზეა საუბარი და „გაგრას“ მაინც არ ტოვებს. ის ნამდვილი გმირია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბესო წარმოშობით აფხაზეთიდანაა და ერთი ასეთი უბედურება უკვე გადაიტანა. წავიდა კიევში, თავისი ბიზნესი კარგად ააწყო, ასეთ გუნდს 15 წელზე მეტია ხელმძღვანელობს და არაფერს აკლებს. სამი შვილი ჰყავს, მაგრამ ბავშვებს აკლებს და გუნდს ახმარს – რამხელა პატრიოტი და რამხელა პიროვნებაა. ბესო პირადად ჩემი მეგობარია და მისი ჩართვა გვსურდა. სურდა ესაუბრა ომზე, გუნდზე, რას აპირებს, მაგრამ ხომ იცით, ახლა უკრაინაში ინტერნეტი პრობლემაა და ვერ ჩაერთო. ომამადე ვესაუბრე და მითხრა, რომ გუნდს ვერ მიატოვებდა. მას „გაგრა“ შვილივით ჰყავს, რომელიც უნდა შეინარჩუნოს“.