„გაგრას“ მწვრთნელი - ექვსმა ფეხბურთელმა დაგვტოვა, შევსებაც მივიღეთ და ახალ ეტაპზე გადავედით #1TVSPORT
„გაგრას“ მწვრთნელი - ექვსმა ფეხბურთელმა დაგვტოვა, შევსებაც მივიღეთ და ახალ ეტაპზე გადავედით #1TVSPORT

„გაგრას“ მთავარმა მწვრთნელმა, გაგა კირკიტაძემ „ლოკომოტივთან” გასვლაზე მოგებული (0:2) მატჩი და გუნდის სამომავლო პერსპექტივები შეაფასა.

„მთლიანობაში, „ლოკომოტივთან“ კარგი მატჩი გამოგვივიდა და ჩემი ფეხბურთელებით კმაყოფილი ვიყავი. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო მატჩებში უკეთესები ვიქნებით, რადგან ახლა ჯერ შეთამაშების პრობლემა გვაქვს. ვფიქრობ, რომ 2-3 ტურის შემდეგ გუნდი სრულფასოვნად შეთამაშდება და შესაძლებლობებს უკეთ გამოავლენს“, – ამბობს გაგა კირკიტაძე.

აღსანიშნავია, რომ „გაგრა“ მე-13 ტურის შემდეგ წარუმატებლად თამაშობდა – გუნდმა 8 მატჩიდან 6 წააგო და ორი ფრედ დაასრულა. მთავარი მწვრთნელი იმედოვნებს, რომ „ლოკომოტივთან“ მოგება გუნდზე ფსიქოლოგიურადაც დადებითად იმოქმედებს.

„რა თქმა უნდა, ეს მოგება ფსიქოლოგიურადაც მნიშვნელოვანი იყო, რადგან „ლოკომოტივს“ დასაკარგი არაფერი ჰქონდა და ჩვენმა ფეხბურთელებმა ხასიათი გამოავლინეს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ახალ ეტაპზე გადავედით. ზაფხულში ექვსმა წამყვანმა ფეხბურთელმა დაგვტოვა, თუმცა, შევსება მივიღეთ. არიან ლეგიონერებიც, რომელთაც დრო სჭირდებათ, რომ გაიგონ, რა გვინდა და როგორ ფეხბურთს ვთამაშობთ. თუმცა, მჯერა, რომ ტურიდან ტურამდე უკეთესები გავხდებით“, – აცხდებს „გაგრას“ მთავარი მწვრთნელი.