გაერთიანებული სამეფოს მინისტრთა კაბინეტში მასშტაბური ცვლილებები განხორციელდა
გაერთიანებული სამეფოს მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებია. „ბიბისის“ ინფორმაციით, თანამდებობებიდან უკვე გათავისუფლებული არიან ჩრდილოეთ ირლანდიის მდივანი ჯულიან სმიტი და ბიზნესის საკითხებში მდივანი ანდრეა ლიდსომი.
სამთავრობო ცვლილებები ასევე შეეხოთ საბინაო, თემებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრ ესტერ მაკვეის და გარემოს დაცვის მდივან ტერეზა ვილიერს.
თანამდებობა დატოვა გენერალურმა პროკურორმა ჯეფრი კოქსმაც, რომლის განცხადებითაც, პოსტიდან წასვლა მას პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა სთხოვა.
ასევე, გათავისუფლებული არიან განათლების მინისტრი კრის სქიდმორი და ტრანსპორტის მინისტრები ნუს განი და ჯორჯ ფრიმანიც.
თანამდებობა დატოვა კანცლერმა საჯიდ ჯავიდმაც, რომელსაც ადგილობრივი მედიის ცნობით, პრემიერი პოსტის შენარჩუნებას სთავაზობდა, იმ შემთხვევაში, თუ მისი მოადგილეების გათავისუფლებას დათანხმდებოდა, რაზეც ჯავიდმა უარი განაცხადა და გადადგა.
სავარაუდოდ, მთავრობის შემადგენლობაში ადგილს შეინარჩუნებენ საგარეო საქმეთა მდივანი დომინიკ რააბი და შინაგან საქმეთა მდივანი პრიტი პატელი.
როგორც „ბიბისი“ იუწყება, პრემიერ-მინისტრი საკადრო ცვლილებებს გეგმავს მინისტრთა მოადგილეებისა და პარლამენტის სამდივნოს დონეზეც.
გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრთა ახალ კაბინეტში პრემიერი გენდერული ბალანსის დაცვას აპირებს. პროგნოზირებენ, რომ დაწინაურდებიან მინისტრთა კაბინეტის ადმინისტრაციის უფროსი ოლივერ დოუდენი და საერთაშორისო განვითარების მდივანი ალოკ შარმა.
ეს პირველი მასშტაბური საკადრო ცვლილებებია, მას შემდეგ, რაც ბორის ჯონსონმა 2019 წლის დეკემბერში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა და მიმდინარე წლის 31 იანვარს ქვეყანამ ევროკავშირი ოფიციალურად დატოვა.