გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზი ავსტრალიის და ახალი ზელანდიის მონარქად გამოცხადდა
გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზი ავსტრალიის და ახალი ზელანდიის მონარქად გამოცხადდა. შესაბამისი ცერემონიები ავსტრალიის და ახალი ზელანდიის დედაქალაქებში გაიმართა. ახალ ზელანდიაში ჩარლზის მონარქად გამოცხადება, ველინგტონში, პარლამენტის შენობაში მოხდა.
პარლამენტში გამოსვლისას, პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა თქვა, რომ ღონისძიებებით აღიარებულია დედოფლის ვაჟი, „მისი უდიდებულესობა მეფე ჩარლზ III, როგორც ჩვენი სუვერენი“.
არდერნმა მოსახლეობას უთხრა, რომ დედოფლის გარდაცვალების შემდეგ, ახალ ზელანდიაში ცვლილებების დრო დადგა.
„მეფე ჩარლზმა მუდმივად აჩვენა თავისი ღრმა მზრუნველობა ჩვენი ერის მიმართ. ამ ურთიერთობას ჩვენი ხალხი ღრმად აფასებს. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს გაღრმავდება“, – თქვა ახალი ზელანდიის მთავრობის ხელმძღვანელმა.
გენერალურმა გუბერნატორმა დევიდ ჰარლიმ, მონარქის წარმომადგენელმა ავსტრალიაში, მეფე ჩარლზი გამოაცხადა სახელმწიფოს მეთაურად კანბერას პარლამენტის შენობაში, რასაც 21 გასროლა მოჰყვა.
გაერთიანებული სამეფოს მონარქი არის სახელმწიფოს მეთაური ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, ასევე გაერთიანებული სამეფოს ფარგლებს გარეთ 14 სამეფოში, თუმცა ეს როლი ძირითადად ცერემონიულია.