გაერთიანებული ოპოზიცია იუსტიციის საბჭოსთან უცხოელ ექსპერტთა საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდის
გაერთიანებული ოპოზიცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან უცხოელ ექსპერტთა საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდის.
გიორგი ვაშაძის თქმით, აღნიშნული საბჭო მოსამართლეების შერჩევის პროცესში იქნება ჩართული და მის წევრებს ვეტოს უფლება უნდა ჰქონდეთ. უცხოელ ექსპერტთა საბჭოს წევრები, ინიციატივის თანახმად, იმ საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა დაასახელონ, რომელთა წევრიც არის საქართველო.
როგორც გიორგი ვაშაძე ამბობს, მსგავსი პრაქტიკა ევროპის ქვეყნებმა ევროპარლამენტთან ერთად ევროინტეგრაციის მსურველი ქვეყნებისთვის მიიღეს. ამ პროცესში კი, გაერთიანებული ოპოზიციის წევრის განცხადებით, განსაკუთრებული ფუნქცია უნდა ჰქონდეს მესამე სექტორს, რომელიც უცხოელ ექსპერტებს ქართველი მოსამართლეების შესახებ მიაწოდებს ინფორმაცია.
„თუ დღესვე არ მოვიფიქრეთ მექანიზმი, რომლითაც უნდა მოხდეს მოსამართლეების შერჩევა, ხვალ და ზეგ მივიღებთ ისევ მურისიძე ორს, ჩინჩალაძე ორს და ვიღაც უბედურ ადამიანებს, რომლებიც თავზე გადაგვახევენ სასამართლო სისტემას ისევ.
ამიტომ, ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, გამოვიყენოთ ის ევროპული, სრულიად ახალი პრაქტიკა, რომელიც ევროპის ჩვენმა მეგობარმა ქვეყნებმა ევროპარლამენტთან ერთად შეიმუშავეს სწორედ ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებსაც სურთ ევროინტეგრაცია, რომელთაც აქვთ უზარმაზარი პრობლემა სასამართლოს განვითარებასთან დაკავშირებით.
ამ მექანიზმის იმპლემენტაცია უკვე მიმდინარეობს უკრაინაში. მის გამოყენებაზე საუბარია დღეს უკვე მოლდოვაში და დადგა დრო, რომ დავიწყოთ სწორედ ამ მექანიზმის გამოყენებაზე ფიქრი საქართველოში.
იუსტიციის საბჭოსთან იქმნება უცხოელ ექსპერტთა საბჭო. ეს უცხოელი ექსპერტები არიან ადამიანები, ვინც იყვნენ მაღალი რანგის მოსამართლეები წამყვან დასავლურ ქვეყნებში.
ამ ადამიანებს წარადგენს საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა წევრიც არის საქართველო. ამ უცხოელ ექსპერტებს აქვთ ვეტოს უფლება, ანუ მათ შეუძლიათ თქვან, რომ კონკრეტული პიროვნება არ უნდა იყოს მოსამართლედ გამწესებული.
ასეთი უცხოელები აუცილებლად იტყოდნენ, რომ ჩინჩალაძე არ შეიძლება იყოს არა თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, არამედ რიგითი მოსამართლე“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.