გაერთიანებულ სამეფოში ხვალ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება
გაერთიანებულ სამეფოში ხვალ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება

გაერთიანებულ სამეფოში ხვალ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. თემთა პალატის ახალ 650-წევრიან შემადგენლობას მომდევნო ხუთი წლის ვადით აირჩევენ. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნება და 22:00 საათზე დაიხურება.

აღსანიშნავია, რომ, ბოლო 14 წელია, მმართველ პარტიას კონსერვატორები წარმოადგენენ. თუმცა, წლევანდელი პროგნოზების მიხედვით, გამოკითხვებში ამჯერად, კირ სტარმერის ხელმძღვანელობით, „ლეიბორისტული პარტია“ ლიდერობს. ქვეყნის საარჩევნო სისტემის მიხედვით, თემთა პალატაში ადგილს მოიპოვებს ის კანდიდატი, რომელსაც მის ოლქში ხმების ყველაზე მეტი ოდენობა აქვს.

პირველადი შედეგები ცნობილი უბნების დახურვიდან რამდენიმე საათში გახდება. რომელიმე პარტია მანდატების უმრავლესობის მოპოვებას თუ შეძლებს, პარტიის ლიდერი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდება, მეორე ადგილზე გასული პარტია კი – ოპოზიციური ძალა. იმ შემთხვევაში, თუკი ვერცერთი პარტია ვერ შეძლებს საკმარისი ხმების მოგროვებას უმრავლესობის ფორმირებისთვის, ყველაზე მეტი ხმის მქონე პარტია კოალიციის ჩამოსაყალიბებლად მოლაპარაკებებს დაიწყებს.

კონსერვატორებისთვის ასევე კონკურენტულ ძალას წარმოადგენს მემარჯვენე პოპულისტის, ნაიჯელ ფარაჯის „გაერთიანებული სამეფოს რეფორმა“, რომელმაც 2019 წლის არჩევნებში მხოლოდ ერთი მანდატის მოპოვება შეძლო, წლევანდელი პროგნოზით კი, გამორიცხული არ არის, რომ ლეიბორისტების შემდეგ მეორე ადგილზე გავიდეს.

ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესება, ჯანდაცვა და იმიგრაცია პარტიებს შორის დებატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემები იყო. კირ სტარმერის თქმით, მისი მთავრობის პრიორიტეტი ეკონომიკის ზრდა და მოსახლეობისთვის ცხოვრების სტანდარტის გაუმჯობესება იქნება. „ლეიბორისტული პარტია“ თანხის მოზიდვას კერძო სკოლებისთვის დამატებითი ღირებულების გადასახადის დაკისრებითაც გეგმავს.

კონსერვატორი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ამომრჩევლებს თვითდასაქმებულებისთვის გადასახადების შემცირებასა და ახალგაზრდებისთვის სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენას ჰპირდება. ასევე, მისი მიზანია არალეგალური მიგრაციის შემცირება თავშესაფრის მაძიებელთა რუანდაში გაგზავნით. გამარჯვების შემთხვევაში „არააუცილებელი“ მიგრაციის გაყინვას გეგმავს ნაიჯელ ფარაჯი.