გაერო-ს მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეამ იონგბიონის ბირთვულ რეაქტორში მუშაობა განაახლა
გაერო-ს მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეამ იონგბიონის ბირთვულ რეაქტორში მუშაობა განაახლა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, სატელიტური სურათებით მიღებული მონაცემები ცხადყოფს, რომ ჩრდილოეთ კორეის იონგბიონის ბირთვულ რეაქტორში მუშაობა განახლებულია. სააგენტოს ბოლო მონაცემებით, რეაქტორი 2021 წლის ივლისიდან მუშაობს და ახლა წყლით გაგრილების სისტემის გამოყენება მიმდინარეობს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ რეაქტორმა გამოიყენა საწვავის სრული პარტია და მისი გადატვირთვა ხორციელდება. გარდა ამისა, სააგენტოს მონაცემებით მუშაობა განახლებულია კომპლექსის რადიოქიმუირ ლაბორატორიაშიც.
სააგენტოს განცხადებით, რეაქტორი, სავარაუდოდ, პლუტონიუმს აწარმოებს, რომელიც ბირთვული იარაღის შექმნისთვის გამოიყენება.
იონგბიონის ბირთვული კომპლექსი, ხუთ მეგავატიანი რეაქტორით, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტია. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ქვეყნიდან 2009 წელს გააძევა და მას შემდეგ სააგენტო ბირთვულ კომპლექსზე დაკვირვებას სატელიტური სურათების საშუალებით ახორციელებს.
სააგენტოს განცხადებით, რეაქტორსა და ბირთვულ ლაბორატორიაზე დაკვირვებით მიღებული ბოლო მონაცემები შემაშფოთებელია და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის აშკარა დარღვევაა.