გაეროს გენერალური მდივანი ღაზაში დაღუპული აქტივისტების საქმეზე გამოძიებას ითხოვს
გაეროს გენერალური მდივანი ღაზას სექტორის საზღვარზე აქციების დროს დემონსტრანტების ლიკვიდაციის საქმის გამოძიებას ითხოვს.
გაეროში გამართულ სხდომაზე ანტონიო გუტერესმა ძალადობა დაგმო და განაცხადა, რომ საერთაშორისო გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.
გაეროში პალესტინის მუდმივი წარმომადგენლის, რიად მანსურის თქმით, ისრაელის მხრიდან პალესტინელი აქტივისტების მიმართ ძალის გამოყენება, რასაც ამ დროისთვის 20-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამშვიდობო პროცესს მნიშვნელოვნად შეაფერხებს.
„ისრაელის ჯარმა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა. აქციის დასარბევად არა მხოლოდ წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები, არამედ ცეცხლსასროლი იარაღიც იქნა გამოყენებული. ეს საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა დაგმოს. სამშვიდობო პროცესი ასე ვერასოდეს დაიწყება.“ – განაცხადა რიად მანსურიმ.
ღაზას სექტორის საზღვარზე ისრაელის სასაზღვრო ჯარსა და პალესტინელ აქტივისტებს შორის შეტაკებების შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა.
საპროტესტო აქცია, სახელწოდებით „დაბრუნების მარში“, ღაზას სექტორის საზღვართან აღმართულ მავთულხლართებთან იმართება. აქციაში 17 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „დაბრუნების მარშის“ ფარგლებში, პალესტინელები ისრაელის ტერიტორიაზე შესვლას ითხოვენ, რომელიც პალესტინურ მხარეს ოკუპირებულ მიწად აქვს აღიარებული. ისრაელის ჯარმა საზღვართან მოახლოებული დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი, ხმოვანი ყუმბარები და წყლის ჭავლი გამოიყენა.
მას შემდეგ, რაც „დაბრუნების მარშის“ მონაწილეებს შორის რამდენიმე ადამიანმა ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა, სასაზღვრო დაცვამ მათ ცეცხლი გაუხსნა. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ისრაელის თავდაცვის სამინისტროშიც დაადასტურეს.