გაერო-ში უკრაინის ელჩი - მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, უზრუნველყოს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეუფერხებელი შესვლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, უზრუნველყოს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების სრული და შეუფერხებელი შესვლა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, – ამის შესახებ გაერო-ში უკრაინის ელჩმა, იური კლიმენკომ ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 45-ე სესიის ფარგლებში, რეზოლუციის „თანამშრომლობა საქართველოსთან“ შესრულების თაობაზე ანგარიშის განხილვისას განაცხადა.
ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას ეხება.
კლიმენკოს თქმით, უკრაინა წუხს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალა დემონსტრაციულად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების პრობლემების გადაჭრას, რაც დიდი ხანია, გრძელდება.
„ჩვენ მადლობას ვუხდით უმაღლეს კომისარს საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებ განახლებული ინფორმაციის მოწოდებისთვის, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს ადამიანის უფლებების სერიოზულ გამოწვევებზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რაც კიდევ უფრო მწვავდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ამ საქართველოს რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების მიუწვდომლობის გამო.
უკრაინა წუხს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალა დემონსტრაციულად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების პრობლემების გადაჭრას, რაც დიდი ხანია, გრძელდება: განსაკუთრებით ეთნიკური ნიშნით უწყვეტი დისკრიმინაცია, რომელიც ეხება ეთნიკურ ქართველებს, ქართველების დაკავებებსა და გატაცებებს საოკუპაციო ხაზზე, ე.წ. „ბორდერიზაცია“, გადაადგილების თავისუფლების აღკვეთა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების და ჯანდაცვის მომსახურების უარყოფა, ადამიანის უფლებების სხვა უხეში დარღვევები, რაც ქმნის დამატებით საფრთხეებს COVID-19 პანდემიის ფონზე“, – განაცხადა გაერო-ში უკრაინის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, უკრაინა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, უზრუნველყოს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების სრული და შეუფერხებელი შესვლა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საბოლოოდ შეასრულოს ყველა საერთაშორისო ვალდებულება, განსაკუთრებით ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ხელშეუხებლობისა და რეგიონში სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში არ ჩარევის პატივისცემის თვალსაზრისით“, – განაცხადა იური კლიმენკომ.
გაერო-ში უკრაინის წარმომადგენლის სიტყვით გამოსვლის თარგმანს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.