ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის „თანამშრომლობა საქართველოსთან“ შესრულების თაობაზე უმაღლესი კომისრის ანგარიშის განხილვა გაიმართა
ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის „თანამშრომლობა საქართველოსთან“ შესრულების თაობაზე უმაღლესი კომისრის ანგარიშის განხილვა გაიმართა

ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 45-ე სესიის ფარგლებში, გაიმართა უმაღლესი კომისრის ანგარიშის განხილვა, ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ – შესრულების თაობაზე, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას ეხება.

ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ გაერო-ს წევრ სახელმწიფოებს გააცნო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი მძიმე ვითარება.

„მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ უმაღლეს კომისარს და მის ოფისს განსახილველი მოხსენებისთვის. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ როგორ აუარესებს რუსეთის მიერ უკანონო და პროვოკაციულ ინტენსიური ქმედებები ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში არსებულ ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების მდგომარეობას.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადამიანები განიცდიან უკანონო მილიტარიზაციას, ხელოვნური ბარიერების დამონტაჟებას და ადამიანის უფლებების დარღვევას, ასევე ხშირია გატაცებები, სროლები, თვითნებური დაკავებები, წამება და მკვლელობები, საკუთრებისა და ჯანმრთელობის უფლების დარღვევა, მშობლიურ ენაზე განათლების შეზღუდვა და ეთნიკური დისკრიმინაცია. სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ადგილობრივი მშვიდობიანი მოქალაქე ზაზა გახელაძე დაჭრეს, შემდეგ კი უკანონოდ დააკავეს. ის კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება. ეს არის რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევის ნათელი დადასტურება და გაერო-ს გენერალური მდივნის გლობალური ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდების სრული უგულებელყოფა. საგანგაშოა, რომ 2020 წლის დასაწყისიდან, მთლიანობაში, „ბორდერიზაციის“ 50-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ ახლახან განახლდა უკანონო სამუშაოები სოფლების ატოცის, ხურვალეთისა და ზემო ნიქოზის მახლობლად“, – განაცხადა მაისურაძემ.

მისი თქმით, ე.წ. გადასასვლელების დაკეტვამ, უკანონო კონსტრუქციების ფართომასშტაბიანმა აღმართვამ და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვამ უკიდურესად გაამწვავა ჰუმანიტარული ვითარება ადგილზე, განსაკუთრებით COVID-19 პანდემიის ფონზე.

„რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ეთნიკური, დისკრიმინაციული გადაწყვეტილების შედეგად, ოკუპირებული ახალგორის რაიონიდან პაციენტებს უარი ეთქვათ გადაუდებელ მკურნალობაზე საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. 2019 წლის სექტემბრიდან 15 ეთნიკური ქართველი გარდაიცვალა.

ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის მოსახლეობა იმავე გამოწვევების წინაშეა. ენგურის ხიდზე გადაადგილების შეზღუდვის შედეგად, 65 წლის ოთარ ჯობავა მდინარეში დაიხრჩო, როდესაც ცდილობდა საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიამდე გადმოცურვას, საპენსიო დოკუმენტაციის პრობლემის გადასაჭრელად. ამასობაში, ახალგორის რაიონში ქართველი სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტის, ქალბატონ თამარ მეარაყიშვილის ეთნიკური დისკრიმინაცია, ჩაგვრა და ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა კვლავ გრძელდება“, – განაცხადა მაისურაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, პროგრესი არ არის მიღწეული დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას საქმეებთან დაკავშირებით.

„სამწუხაროდ, პროგრესი არ არის მიღწეული დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას საქმეებთან დაკავშირებით, რომლებმაც სიცოცხლე დაკარგეს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფსბ-ს უკანონო დაწესებულებებში დაკავებისა და წამების დროს. უფრო მეტიც, 28 აგვისტოს კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა, ბ-ნი ინალ ჯაბიევი ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმის წამებისა და მკვლელობის უკანასკნელი მსხვერპლი გახდა. სასწრაფოდ საჭიროა დამნაშავეთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, რათა დაუსჯელობა და ძალადობა თავიდან იქნას აცილებული“, – განაცხადა ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა.

სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, ავსტრალიის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვას, მოლდოვას, ნიდერლანდების, პოლონეთის, რუმინეთის, საბერძნეთის, უკრაინის, ფინეთისა და შვედეთის დელეგაციებმა.

დელეგაციები მიესალმნენ ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით მიღწეულ პროგრესს, ასევე დადებითი შეფასება მისცეს COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევას.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.