გაერო-ში ისრაელის ელჩი გილად ერდანი გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვს
გაერო-ში ისრაელის ელჩი გილად ერდანი გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვს. ამის შესახებ ისრაელის ელჩმა სოციალურ ქსელ x-ში დაწერა.
„გენერალური მდივანი, რომელიც ბავშვების, ქალებისა და ხანდაზმულების მასობრივი მკვლელობის კამპანიას გაგებით ეკიდება, არ არის შესაფერისი გაერო-ს ხელმძღვანელობისთვის. მე მას დაუყოვნებლივ გადადგომისკენ მოვუწოდებ. არავითარი გამართლება და აზრი არ აქვს მათთან საუბარს, ვინც ისრაელის მოქალაქეებისა და ებრაელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ყველაზე საშინელი სისასტიკეების მიმართ თანაგრძნობას გამოხატავს. უბრალოდ სიტყვები არ არსებობს“, – წერს ისრაელის ელჩი.
ისრაელელი დიპლომატის აღშფოთება გაერო-ს გენერალური მდივნის ანტონიო გუტერეშის განცხადებამ გამოიწვია, რომელმაც თქვა, რომ „ჰამასის“ თავდასხმები არ მოხდა ვაკუუმში, პალესტინელი ხალხი 56-წლიან მგუდავ ოკუპაციას ექვემდებარება.