გაერო-ში ისრაელის ელჩი - გაერო-ს სირცხვილია, როდესაც გენერალური მდივანი ბოდიშსაც კი ვერ იხდის გუშინდელი განცხადებისთვის, ის უნდა გადადგეს
გაერო-ში ისრაელის ელჩი გილად ერდანი გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს გადადგომისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
„ეს არის გაერო-ს სირცხვილი, როდესაც გენერალური მდივანი ბოდიშსაც კი ვერ იხდის გუშინდელი ნათქვამისთვის. ის უნდა გადადგეს“, – განაცხადა ერდანმა.
გაერო-ში ისრაელის ელჩი ასევე აცხადებს, რომ გუტერეში ამახინჯებს და ცვლის რეალობას და თავისი განცხადებით ის პირდაპირ ადანაშაულებს ისრაელს „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებულ თავდასხაში.
„ყველას კარგად ესმის, რომ მისი სიტყვების მნიშვნელობა არის ის, რომ „ჰამასის“ ქმედებებში ისრაელია დამნაშავეა. გენერალური მდივანი, რომელსაც არ ესმის, რომ უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას ვერასოდეს ექნება რაიმე მიზეზი, ვერ იქნება გენერალური მდივანი“, – განაცხადა ერდანმა.
გაერო-ში ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის დაუყოვნებლივ გადადგომა თავდაპირველად 24 ოქტომბერს მოითხოვა. 25 ოქტომბერს კი, უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე გამოთქმულ განცხადებებთან დაკავშირებით, ანტონიო გუტერეშმა განმარტებები გააკეთა და განაცხადა: „შოკირებული ვარ ზოგიერთი ჩემი განცხადების არასწორი ინტერპრეტაციით, თითქოს „ჰამასის“ ტერაქტებს ვამართლებ, ეს სიცრუეა“.