გაერო-ში ირანის წარმომადგენელი - ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოახერხა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მითვისება და აშშ კიდევ ერთ ძვირად ღირებულ, უსაფუძვლო ომში ჩაითრია
გაერო-ში ირანის წარმომადგენელმა, ამირ-საეიდ ირავანიმ დაგმო აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული „აგრესიის აქტები“ და გაერო-ს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ ირანის პროპორციული რეაგირების დროს, ბუნებასა და მასშტაბს თავიანთი შეიარაღებული ძალები გადაწყვეტენ.
„სამხედრო დამნაშავემ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოახერხა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მითვისება და შეერთებული შტატები კიდევ ერთ ძვირად ღირებულ, უსაფუძვლო ომში ჩაითრია“, – განაცხადა ირანის ელჩმა გაერო-ში, ამირ-საეიდ ირავანიმ ნიუ იორკში, გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.
ირანის ელჩმა გაერო-ში კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თეირანის ლეგიტიმური უფლებაა, დაიცვას თავი აგრესიისგან.
„ირანი შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის ემზადებოდა 15 ივნისს, თუმცა ისრაელმა ირანს დარტყმა მიაყენა ამ მოლაპარაკებების დაწყებამდე ორი დღით ადრე. სინამდვილეში, ისრაელმა დიპლომატიის განადგურება გადაწყვიტა. დიპლომატიის ე.წ. შეთავაზება სხვა არაფერი იყო, თუ არა საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით მოტყუებითი პოლიტიკა“, – განაცხადა ამირ-საეიდ ირავანიმ.
ირანის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ისრაელმა ხელი შეუწყო „ცრუ ნარატივის“ გავრცელებას, რომ მისი ქვეყანა „ბირთვული იარაღის ფლობის ზღვარზე იყო“.
ირანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოუწოდა, აშშ-სა და ისრაელს „სრული პასუხისმგებლობა“ დააკისროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ორგანიზაცია დაკარგავს სანდოობას.