გაერო-ში ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია - აშშ ჩრდილოეთ კორეის მიმართ მტრული მოქმედებებისკენ არის მიდრეკილი
აშშ ჩრდილოეთ კორეის მიმართ მტრული მოქმედებებისკენ არის მიდრეკილი, – ამის შესახებ გაეროში ჩრდილოეთ კორეის დელეგაციის წევრებმა განაცხადეს.
ჩრდილოეთ კორეელი დიპლომატების თქმით, ვაშინგტონი „სანქციებით არის შეპყრობილი.“ ჩრდილოეთ კორეის დელეგაციის განცხადებით, ეს არის პასუხი აშშ-ის ბრალდებებზე, რომ ფხენიანმა 2017 წელს დაწესებული ნავთობპროდუქტების იმპორტის შეზღუდვა დაარღვია. ჩრდილო კორეელმა დიპლომატებმა უკმაყოფილება გამოთქვეს აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიის და ბრიტანეთის მიერ გაეროს დანარჩენი წევრებისთვის გაგზავნილ წერილზე, სადაც ფხენიანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების აუცილებლობაზეა საუბარი.
ფხენიანის მხრიდან აღნიშნული განცხადებები მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-ის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებმა ორი კორეის საზღვარზე, დემილიტარიზებულ ზონაში, ისტორიული შეხვედრა გამართეს. დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელმაც ჩრდილოეთ კორეის მიწაზე ფეხი დადგა. თითქმის ერთ საათიანი შეხვედრის შემდეგ, ტრამპი და კიმ ჩენ ინი შეთანხმდნენ, რომ ბირთვული განიარაღების საკითხზე გაყინული მოლაპარაკებების აღსადგენად ჯგუფები შეიქმნება.