გაერო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი - ჯონ კელი და რექს ტილერსონი დონალდ ტრამპის ზოგიერთ მოთხოვნაზე წინააღმდეგობისკენ მომიწოდებდნენ
აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე, ჯონ კელი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი დონალდ ტრამპის ზოგიერთ მოთხოვნაზე წინააღმდეგობის გაწევისკენ მომიწოდებდნენ, – „ბიბისის“ ინფორმაციით, ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი ნიკი ჰეილი თავის ახალ წიგნში სახელწოდებით, „მთელი პატივისცემით“ საუბრობს.
ჰეილის თქმით, თეთრი სახლის მაღალჩინოსნები მას ეუბნებოდნენ, რომ „არ იყვნენ დაქვემდებარებულნი და ქვეყნის გადარჩენას ცდილობდნენ“.
გაერო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი თავის წიგნში ამბობს, რომ ჯონ კელის და რექს ტილერსონის თხოვნაზე უარი თქვა და მას „სახიფათო“ და „შეურაცხმყოფელი“ უწოდა. ნიკი ჰეილი ამბობს, რომ მხარს უჭერდა ტრამპის გადაწყვეტილებებს, როგორიცაა ირანის ბირთვული შეთანხმებიდან და პარიზის კლიმატური შეთანხმებიდან გასვლა, თუმცა არ ეთანხმებოდა დონალდ ტრამპს 2017 წელს, ჰელსინკის სამიტზე ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის, ასევე 2017 წელს, შარლოტსვილში თეთრი რასის უპირატესობის მომხრეთა აქციის შემდეგ გაკეთებული განცხადებების გამო, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ აქციის ორივე მხარეს კარგი ადამიანები იყვნენ.
„სიბიესთან“ ინტერვიუში, ნიკი ჰეილიმ ასევე გააკრიტიკა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატების მხრიდან იმპიჩმენტის პროცედურების დაწყება და თქვა, რომ იმპიჩმენტი „თანამდებობის პირთათვის სიკვდილით დასჯის ტოლფასია.“