გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია - მცენარეულ ზეთზე ფასებმა ბოლო 10 წლის მაქსიმუმს მიაღწია
გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის ხუთი ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს, მარტში გაიზარდა და 118.5 ქულა შეადგინა.
აღნიშნული ქულა, წინა თვის მაჩვენებელს 2.1 პროცენტით აღემატება და 2014 წლის შემდეგ, ფასების ინდექსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ორგანიზაციის ცნობით, მარტში მცენარეულ ზეთზე ფასები 8 პროცენტით გაიზარდა. ამავე თვეში, მცენარეულ ზეთზე ფასების ინდექსმა ბოლო 10 წლის მაქსიმუმს მიაღწია, რასაც წინ უძღოდა, ბიოდიზელის მწარმოებელ ინდუსტრიაში სოიოს ზეთზე მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნა.
3.9 პროცენტითაა გაზრდილი რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი. ზრდის მიზეზი, კარაქსა და რძის ფხვნილზე, აზიის ქვეყნების მხრიდან, განსაკუთრებით კი ჩინეთში, გაზრდილი მოთხოვნა წარმოადგენდა. მზარდ მოთხოვნასთან ერთად, ფასების აწევას ხელი შეუწყო, პროდუქციის მწარმოებელ რეგიონებში: ოკეანეაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში პროდუქტების შემცირებულმა მარაგებმა.
თებერვალთან შედარებით, 2.3 პროცენტითაა გაზრდილი ხორცის ფასების ინდექსი. ზრდა მეტწილად განპირობებული იყო ევროპაში აღდგომის დღესასწაულის სამზადისით და ღორისა და ფრინველის ხორცის შემცირებულ მარაგებით. მსხვილფეხა საქონლის ხორცის ფასი უცვლელი დარჩა, მაშინ როცა წვრილფეხა საქონლის ხორცზე ფასები შემცირდა.
ყველა სხვა პროდუქტისაგან განსხვავებით შემცირებულია, მარცვლეულისა და შაქრის ფასების ინდექსი. მარცვლეულზე ფასები 1.8%-ით ხოლო, შაქარზე ფასები 4.0 პროცენტით შემცირდა. მიუხედავად აღნიშნულისა, ორივე პროდუქტის მაჩვენებლები, 2020 წლის ნიშნულს 26.5 პროცენტით (მარცვლეული) და 30 პროცენტით (შაქარი) აღემატება.