სახელმწიფოს მიერ კერძო კლინიკებისთვის პისიარ ტესტის ფასი სავარაუდოდ ხვალ დადგინდება
სახელმწიფოს მიერ კერძო კლინიკებისთვის პისიარ ტესტის ფასი სავარაუდოდ ხვალ დადგინდება

სახელმწიფოს მიერ კერძო კლინიკებისთვის დადგენილი პისიარ ტესტის ფასი დაახლოებით, 150 ლარის ფარგლებში იქნება.

ამის შესახებ ცოტა ხნის წინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

თუმცა, გამყრელიძის თქმით, კერძო კლინიკებისთვის ტარიფი ოფიციალურად ჯერ დადგენილი არ არის. გამყრელიძე იმედოვნებს, ტარიფი ხვალ დადგინდება.

ამასთან, ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ კერძო კლინიკას ტესტს სახელმწიფო მისცემს, მაშინ ამ თანხას 100 ლარი გამოაკლდება და მომსახურებისთვის გადასახდელი თანხა 50 ლარი გახდება.

„დღეს გაიგზავნა მთავრობაში სამინისტროს მიერ ახალი დადგენილება, ანუ ცვლილება დადგენილებაში, სადაც განისაზღვრა ტარიფი. რამდენადაც ვიცი, ეს ტარიფი არის 150 ლარის ფარგლებში, ოღონდ სინჯის აღების გარეშე, ანუ მხოლოდ ლაბორატორიული კვლევა.

ოღონდ თუ ტესტს იგივე კერძო კლინიკას მისცემს სახელმწიფო, მას გამოაკლდება 100 ლარი და 50 ლარი მიეცემა კლინიკას მომსახურების ანაზღაურებისთვის, რადგან მას სჭირდება კიდევ ხელფასი, ცვეთა და ა.შ. ამიტომ მთლიანად ტესტი ღირს 150 ლარი, მაგრამ თუ სახელმწიფო ცენტრალიზებურად იგივე კერძო კლინიკებს, როგორც დღეს ვაკეთებთ, მიაწოდებს ტესტებს, მას ეს ფასი 100 ლარი გამოაკლდება. დაახლოებით ასეთია დღეს ეს ტარიფი, რომელსაც ადგენს სახელმწიფო და იმედი მაქვს, ხვალ უკვე ეს ტარიფი ოფიციალურად იქნება დადგენილი“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან ასევე განმარტა, რომ სახელმწიფო კლინიკებში ტესტირება უფასოა.

„სახელმწიფო კლინიკებში და პროგრამის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ის არაფერი არ ღირს მოსახლეობისთვის, ის სრულიად უფასოა, მოგეხსენებათ, რასაც ვატარებთ, ამას სახელმწიფო სრულად ანაზღაურებს“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.