გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია - აგვისტოში სურსათის ფასები ხორბლის, შაქრისა და პალმის ზეთის ხარჯზე გაიზარდა
გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით, სურსათზე ფასების ინდექსი ხორბლის, შაქრისა და პალმის ზეთის ხარჯზე გაიზარდა.
გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სურსათის ფასების ინდექსით, რომელიც სამომხმარებლო კალათის ხუთი ძირითადი პროდუქტის – რძის, მარცვლეულის, მცენარეული ზეთის, შაქრის, ხორცის საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს – აგვისტოში 3.1%-ით გაიზარდა და 127.4 ქულა შეადგინა.
ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი, 2020 წლის ამავე პერიოდის ნიშნულს 32.9%-ით აღემატება.
„9.6%-ითაა მომატებული გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის შაქრის ფასების ინდექსი, რასაც ხელი შეუწყო შაქრის ყველაზე მსხვილ მწარმოებელ ქვეყანაში, ბრაზილიაში შაქრის კულტურების დაზიანებამ. შაქრის ფასის მომატების ნაწილობრივი კომპენსაცია ინდოეთში და ევროპაში კარგი მოსავლის მოლოდინის, ნავთობისა და ბრაზილიური ვალუტის, რეალის, გაიაფების ხარჯზე მოხერხდა.
აგვისტოში მცენარეულ ზეთზე ფასები, წინა თვესთან შედარებით, 6.7%-ით გაიზარდა და ისტორიულ რეკორდს დაუბრუნდა. ფასების ზრდაზე მალაიზიაში პალმის ზეთის დაბალმა წარმოებამ და შესაბამისად, შემცირებულმა მარაგმა იმოქმედა. ასევე მომატებულია რაფსის და მზესუმზირის ზეთის ფასი.
აგვისტოში გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მარცვლეულის ფასების ინდექსმა 4.3%-ით მოიმატა. 8.8% მომატებულია ფასები ხორბალზე. ფასის მომატება განპირობებულია ამ კულტურის მსხვილ ექსპორტიორი ქვეყნების მოსავლის შემცირებული შეფასებებით. სიმინდის ფასი შემცირებულია 0.9%-ით, რადგან არგენტინის, ევროკავშირის და უკრაინის მომატებულმა წარმოებამ, ბრაზილიის და აშშ-ს შემცირებული მოსავლის მოლოდინის კომპენსაცია მოახერხა. ბრინჯის ფასი საერთაშორისო ბაზარზე ისევ იკლებს. ივლისთან შედარებით, მცირედ მომატებულია საქონლისა და ცხვრის ხორცის ფასების ინდექსი, ეს ჩინეთის მხრიდან ხორცის შესყიდვებს და ფრინველის ხორცზე ახლო აღმოსავლეთის და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების გაზრდილ მოთხოვნას უკავშირდება.
რაც შეეხება ღორის ხორცის ფასს – ის იკლებს, რადგან ჩინეთისა და ევროკავშირის ქვეყნების მოთხოვნა შემცირდა. უმნიშვნელოდ შემცირდა რძის პროდუქტების ინდექსი, რაც რძის ფხვნილზე მოთხოვნის შემცირებასთანაა დაკავშირებული. კარაქის და ყველის ფასები მცირდება ოკეანის ქვეყნების საექსპორტო შესაძლებლობების გაუმჯობესების გამო“, – ნათქვამია გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.