გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა, მერი ლოლერმა ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობის შესახებ მონიტორინგის ანგარიში წარადგინა
საქართველოში ცხრადღიანი ოფიციალური ვიზიტის დასასრულს, გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა, მერი ლოლერმა ადამიანის უფლებათა დამცველების მდგომარეობის შესახებ მონიტორინგის ანგარიში წარადგინა.
მერი ლოლერის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ, რაც ეხება არა მხოლოდ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებსა და პოლიტიკურ ღონისძიებებს, არამედ საკანონმდებლო ბაზის ცვლილებებსაც.
გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა თავის ანგარიშში ხაზი გაუსვა, უფლებადამცველებთან ერთად, LGBTQI საზოგადოებასა და ჟურნალისტების საქმიანობას. ამასთან, გასცა რეკომენდაციები მთავრობის, პარლამენტარების, გარკვეული სამინისტროებისა და სახალხო დამცველის აპარატის მიმართ.
„საქართველოს ხელისუფლებამ რადიკალურად უნდა შეცვალოს დამოკიდებულება ადამიანის უფლებათა დამცველების მიმართ, რაც ეხება არა მხოლოდ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებსა და პოლიტიკის ღონისძიებებს, არამედ საკანონმდებლო ბაზის ცვლილებებსაც, რათა ქვეყანაში შეიქმნას ხელსაყრელი გარემო მათი ლეგიტიმური საქმიანობის მხარდასაჭერად და გაქარწყლდეს მზარდ პოლარიზაციასა და დაუცველობასთან დაკავშირებული შიშები. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება დროთა განმავლობაში ვითარდებოდა და დღეს იგი უაღრესად ძლიერი, დინამიკური, მიზანდასახული და მრავალფეროვანია. ქვეყანამ უნდა იამაყოს ასეთი სამოქალაქო საზოგადოებით.
უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ საჯაროდ აღიაროს ადამიანის უფლებათა დამცველების ლეგიტიმური როლი და მათი მნიშვნელოვაწი წვლილი სამართლიანი და ჰარმონიული საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში. ადამიანის უფლებათა დამცველები ვერ იგრძნობენ თავს უსაფრთხოდ და დაცულად, ვიდრე მთავრობისა და პარლამენტის წევრები აგრძელებენ შეურაცხმყოფელი კომენტარების გაკეთებას სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ან არ გმობენ სხვების ამგვარ რიტორიკას და სოციალურ მედიაში გაჩაღებულ რეპუტაციის შემლახავ კამპანიას.
მთავრობამ უბრალოდ კი არ უნდა „აიტანოს“ სამოქალაქო საზოგადოება, არამედ აქტიურად წაახალისოს მათი როლი და საქმიანობა, დაიცვას მათი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.
ღრმად ვარ შეშფოთებული, რომ ადამიანის უფლებათა დამცველების, მათ შორის ქალთა და LGBTQI პირების უფლებადამცველების წინააღმდეგ ჩადენილი თავდასხმისა და შეურაცხყოფის, ასევე უკანონო თვალთვალის ფაქტები დაუსჯელი რჩება, რაც, როგორც ჩანს, სისტემურ ხასიათს ატარებს. უაღრესად დიდი ნიშვნელობა ენიჭება უფლებადამცველების წინააღმდეგ სავარაუდო ძალადობის შემთხვევების დაუყოვნებელ და გამჭვირვალე გამოძიებას, რაც მნიშვნელოვნად უამცირებს შემდგომი თავდასხმების რისკებს.
საქართველოს მთავრობამ სრულად უნდა შეასრულოს მასზე დაკისრებული საერთაშორისო ვალდებულება ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით და მოეპყრას უფლებადამცველებს, როგორც მოკავშირეებსა და არა – როგორც მტრებს“, – განაცხადა ლოლერმა.
გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი ქვეყანაში ვიზიტის შესახებ სრულ ანგარიშს ადამიანის უფლებათა საბჭოს 2025 წლის მარტში წარუდგენს.