გაერო-ს სპეციალური წარმომადგენელი - სირიის სამხრეთ ნაწილში საომარი მოქმედებების გამო, რეგიონმა შესაძლოა, ალეპოსა და აღმოსავლეთ ღუტას ბედი გაიზიაროს
გაერო-ს სპეციალური წარმომადგენელი - სირიის სამხრეთ ნაწილში საომარი მოქმედებების გამო, რეგიონმა შესაძლოა, ალეპოსა და აღმოსავლეთ ღუტას ბედი გაიზიაროს

სირიის სამხრეთ ნაწილში დაწყებული საომარი მოქმედებების გამო, რეგიონმა, შესაძლოა, ალეპოსა და აღმოსავლეთ ღუტას ბედი გაიზიაროს. აღნიშნული განცხადება სირიის საკითხებში გაერო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტაფან დე მისტურამ გააკეთა.

დიპლომატის თქმით, დარაში გახსნილი ახალი ფრონტი რეგიონის მოსახლეობას სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს. სტაფან დე მისტურამ აღნიშნა, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭო სირიაში ალეპოსა და აღმოსავლეთ ღუტას მსგავსი სისხლიანი და გამანადგურებელი ფრონტის წარმოქმნას არ დაუშვებს.

სირიის სამხრეთ ნაწილში საბრძოლო მოქმედებები რამდენიმე დღის წინ დაიწყო. პრეზიდენტ, ბაშარ ალ ასადის არმიამ ამბოხებულების მიერ კონტროლირებად დასახლებებს შეუტია. მათ შორის არის რეგიონის მთავარი ქალაქი დარა, სადაც 100 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

გაერო-ს ცნობით, საომარი მოქმედებების დაწყების გამო, 45 ათასმა ადგილობრივმა მშობლიური სახლი უკვე დატოვა და იორდანიის საზღვარს მიაშურა, თუმცა იორდანია ლტოლვილების მიღებაზე უარს აცხადებს.

სირიის პრეზიდენტის მიზანი იორდანიისა და გოლანის მაღლობის საზღვართან არსებულ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონზე კონტროლის მოპოვებაა.

სახელისუფლებო არმია ქვეყნის ყველა დანარჩენ ნაწილში უკვე დაწინაურებულია.