გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ღაზის მოსახლეობის ნახევარი შიმშილობს და სექტორში მცხოვრები ათი ადამიანიდან ცხრა ყოველდღიურად საკვებს ვერ იღებს
გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამის დირექტორის მოადგილე კარლ სკაუ აცხადებს, რომ ღაზის მოსახლეობის ნახევარი შიმშილობს. ღაზაში მცხოვრები 10 ადამიანიდან ცხრა ყოველდღიურად საკვებს ვერ იღებს.
გაერო-ს პროგრამის წარმომადგენლის ცნობით, ღაზის სექტორში საჭირო მარაგების მხოლოდ ნაწილი შედის. როგორც სკაუმ განაცხადა, ადგილზე შექმნილი პირობების გამო ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება თითქმის შეუძლებელია.
კარლ სკაუ და მსოფლიოს სასურსათო პროგრამის გუნდი ღაზის სექტორში მიმდინარე კვირას იმყოფებოდნენ.
„ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, რომელსაც 1 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ისრაელმა სექტორში სამხედრო ოპერაცია დაიწყო და ანკლავში ჰუმანიტარული ტვირთისა და საწვავის შეტანა შეზღუდა. „ჰამასის“ დაქვემდებარებაში არსებული ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ღაზაში დაღუპულთა რაოდენობა 17 700-ს აჭარბებს, საიდანაც 7 000-ზე მეტი ბავშვია.