გაერო-ს ინფორმაციით, სირიაში ბოლო 10 დღეში განხორციელებულ ავიაიერიშებს 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა
სირიაში ბოლო 10 დღეში განხორციელებულ ავიაიერიშებს 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას გაერო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის 26 ბავშვია.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის ცნობით, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის და მისი მოკავშირეების მიერ წარმოებული საჰაერო შეტევების დროს იდლიბის პროვინციაში საავადმყოფოები, სკოლები და ბაზრები განადგურდა.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის განცხადებით, ავიაიერიშები ერთსა და იმავე ობიექტებზე რამდენჯერმე ხორციელდებოდა. მიშელ ბაჩელეტი მიიჩნევს, რომ აქედან გამომდინარე, შესაძლოა, აღნიშნული თავდასხმები შემთხვევითი სულაც არ იყო.
ბაშარ ალ-ასადმა და მისმა მოკავშირეებმა, მათ შორის რუსეთმა, იდლიბის პროვინციაში ამბოხებულების წინააღმდეგ ოპერაცია 2019 წლის აპრილში დაიწყეს. გაერო-ს მონაცემებით, ამ ხნის განმავლობაში საჰაერო თავდასხმების შედეგად 730 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მათგან 180 ბავშვია. 400 ათასი ადგილობრივი კი იძულებული გახდა მშობლიური სახლი დაეტოვებინა. ოპერაციის ფარგლებში რიგი ქალაქები და სოფლები მოსახლეობისგან ბოლომდე დაიცალა.