გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელსაც 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი

ნიუ იორკში გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 78-ე სესიის ფარგლებში მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის 63 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რეზოლუციას 103-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი.

როგორც საგარეო უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს.

„რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს.

ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების გზაზე და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როდესაც, მათ შორის, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შედეგად, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვის რეკორდულად ზრდის გამო მსოფლიოში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება უფრო კიდევ უფრო გაუარესდა.

აღსანიშნავია, რომ ხსენებული რეზოლუცია ბოლო წლებში უკვე გლობალურ ინიციატივად იქცა, ვინაიდან მის თანაავტორთა რიგებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან ათეულობით ქვეყანა უერთდება. რეზოლუციის თანაავტორობა მათ შესაძლებლობას აძლევს, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის შედეგად შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების დაძლევის კუთხით საერთაშორისო ძალისხმევაში. 2024 წელს რეზოლუციის თანაავტორი 64 ქვეყანა გახდა.

რეზოლუციის განხილვისას, 4 ივნისს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ლიეტუვამ (ბალტიისა და ნორდიკული ქვეყნების სახელით), უკრაინამ, იაპონიამ და ავსტრალიამ (კანადისა და ახალი ზელანდიის სახელით).

ქართული დიპლომატიის დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ საქართველომ ამჯერად შეძლო და არა მარტო შეინარჩუნა, არამედ გაზარდა რეზოლუციის მხარდაჭერის ყოველწლიური დინამიკა.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, რეზოლუციის განხილვაში მონაწილეობა მიიღო გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის პრეზიდენტმა დენის ფრანცისმა, რომელიც სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ სახელმწიფოს, რომელმაც მხარი დაუჭირა რეზოლუციას და გახდა ინიციატივის თანაავტორი. აღნიშნული გადაწყვეტილებით თითოეულმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უფლებას და თანადგომა გამოუცხადა თითოეულ დევნილს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.