გაერო-ს გენერალური მდივანი - თვის ბოლოს გაერო-ს ხაზინა დაცარიელდება
გაერო-ს გენერალური მდივანი - თვის ბოლოს გაერო-ს ხაზინა დაცარიელდება

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში აცხადებს, რომ თვის ბოლოს ორგანიზაციის ხაზინა დაცარიელდება. ამის შესახებ საუბარია ანტონიუ გუტიერეშის წერილში, რომელიც მან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 37 000 თანამშრომელს გაუგზავნა.

გუტიერეში წერს, რომ გაერო-ს ბიუჯეტის დეფიციტი 230 მილიონ დოლარს აღწევს. ამიტომ, თანამშრომლების ხელფასების გასაცემად „დამატებითი ზომების მიღებაა“ საჭირო.

„გაერო-ს წევრებმა 2019 წელს ჩვენი ორგანიზაციის ბიუჯეტში საწევროების მხოლოდ 70 პროცენტი ჩარიცხეს. შესაბამისად, დანაკლისი სექტემბრის ბოლოსთვის 230 მილიონ დოლარს შეადგენს. არსებობს საფრთხე, რომ თვის ბოლოს რეზერვები ამოიწურება“, – წერს გუტიერეში.

მისივე თქმით, თანხების დანაკლისის გამო აუცილებელი იქნება კონფერენციების გადადება, სერვისების ნაწილი შეწყვეტა და მივლინებების დროებით შეჩერება.

როგორც სააგენტო „ფრანს პრესი“ იუწყება, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა უკვე სთხოვა ორგანიზაციის წევრებს ჩარიცხონ დავალიანება, თუმცა უარი მიიღო.

გაერო-ს ბიუჯეტი 2018-2019 წლებში დაახლოებით ხუთი მილიარდი დოლარია, საიდანაც 22 პროცენტს აშშ-ი იხდის.