გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების შესახებ დებატები გაიმართა
გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების შესახებ დებატები გაიმართა.
„ეს ზავი უნდა გადაიზარდოს ცეცხლის მუდმივ შეწყვეტაში“, – აღნიშნა გაერო-ში პალესტინის წარმომადგენელმა, რიად მანსურმა.
მისი თქმით, ისრაელის მთავრობისთვის პრიორიტეტი არ არის უსაფრთხოება და მათთვის მნიშვნელოვანი პალესტინელი ერის განადგურებაა.
„პალესტინელი ბავშვების, ქალებისა და მამაკაცების ხოცვა-ჟლეტა ვერ განახლდება. არ უნდა დაუშვათ მისი განახლება. საერთაშორისო სამართალი, მათ შორის ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა სამართალი, კრძალავს მას. საერთაშორისო სამართალი, ასევე კაცობრიობის ნორმები მოითხოვს, ვიმოქმედოთ ომის შესაჩერებლად, რომელიც მიმართულია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და ვიმოქმედოთ ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად“, – აღნიშნა მანსურმა.
ამასთან, გაერო-მ განიხილა სირიის მიერ წარდგენილი რეზოლუცია სახელწოდებით „სირიის გოლანი“. 91 ხმით რვა ხმის წინააღმდეგ ასამბლეამ მოითხოვა ისრაელის გაყვანა ოკუპირებული სირიის გოლანიდან, ასევე, წინა მოლაპარაკებების დროს მიღწეული ვალდებულებების პატივისცემა.
გაერო-ში ისრაელის წარმომადგენელმა დაგმო აღნიშნული რეზოლუცია და აღნიშნა, რომ ეს არა მხოლოდ აძლიერებს კონფლიქტს, არამედ საშუალებას აძლევს, რომ წაახალისოს სიძულვილი და ძალადობა.
„იმის ნაცვლად, რომ დაიგმოს „ჰამასის“ საზარელი ტერორისტული აქტები, იმის ნაცვლად, რომ დაიგმოს ბავშვების ხოცვა, ოჯახების დაწვა, ქალების მასობრივი გაუპატიურება, ეს ასამბლეა განაგრძობს რეზოლუციების მიღებას ყოველწლიურად, გმობს ისრაელს და დუმს „ჰამასის“ ტერორისტების მიერ ჩადენილი ყველაზე საშინელი დანაშაულების წინაშე. როგორც წარსულში განვაცხადეთ, ისრაელი კატეგორიულად აპროტესტებს ამ კომიტეტის მუშაობას. კომიტეტისა და დებატების ერთადერთი მიზანი აშკარაა – ეს ანტიისრაელური დღის წესრიგის სისტემატური პროპაგანდაა“, – განაცხადა გაერო-ში ისრაელის წარმომადგენელმა.