გაერო-ს გამომძიებლები - სირიისა და რუსეთის ავიადარტყმები იდლიბში სამხედრო დანაშაულთა ტოლფასია
სირიის სამთავრობო ძალები, რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების მხარდაჭერით, სისტემატურად ახორციელებდა დარტყმებს ამბოხებულების მიერ კონტროლირებად იდლიბში ათობით საავადმყოფოზე, სკოლებსა და ბაზრებზე. ამის შესახებ ნათქვამია გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს საგამოძიებო კომისიის ანგარიშში, რომელიც ჟენევაში წარადგინეს.
ანგარიშში მიმოხილულია 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის ივნისამდე პერიოდში განხორციელებული ქმედებები.
ანგარიშის თანახმად, სირიის სამთავრობო ძალები დარტყმებს ახორციელებდნენ როგორც ხმელეთიდან, ისე ჰაერიდან, რა დროსაც კასეტურ ბომბებსაც იყენებდნენ. გაერო-ს გამომძიებელთა აზრით, ამგვარი ქმედებები სამხედრო დანაშაულის ტოლფასია.
დოკუმენტის თანახმად, ამგვარი ქმედებების შედეგად, თითქმის მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.
გამომძიებელთა მიერ შესწავლილი ინციდენტები აჩვენებს, რომ სამედიცინო ობიექტებზე დარტყმები სირიის მთავრობის სტრატეგიის ნაწილია. დოკუმენტში საუბარია იანვრის ბოლოს საავადმყოფოს მახლობლად განხორციელებულ ავიაიერიშზე, რაზეც საგამოძიებო კომისიამ რუსეთს დააკისრა პასუხისმგებლობა. აღნიშნული საჰაერო თავდასხმის შედეგად 14 მშვიდობიანი მცხოვრები გარდაიცვალა, მათ შორის ხუთი ბავშვი და ხუთი ქალი, ათობით პირი კი დაშავდა.
გაერო-ს საგამოძიებო კომისიის მიერ წარდგენილ ანგარიშში საუბარია ისლამისტი მებრძოლების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, რომლებიც ასევე სამხედრო დანაშაულებთან არის გათანაბრებული. დოკუმენტის ავტორები აცხადებენ, რომ ისლამისტური დაჯგუფების „ჰაიატ თაჰრირ აშ-შამის“ მებრძოლების მხრიდან სირიის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი რაიონების მისამართით ცეცხლის გახსნას 200-ზე მეტი მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლა. ანგარიშის თანახმად, ჯიჰადისტები იტაცებდნენ, აწამებდნენ და კლავდნენ სამოქალაქო პირებს.