გაერო-ს ექსპერტთა ჯგუფი აცხადებს, რომ ლიბიაში შესაძლო სამხედრო დანაშაულთა შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს
გაერო-ს ექსპერტთა ჯგუფი აცხადებს, რომ ლიბიაში შესაძლო სამხედრო დანაშაულთა შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს

ექსპერტთა ჯგუფი, რომლებსაც გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა ორგანომ ლიბიაში დარღვევების გამოძიება დაავალა, აცხადებს, რომ მოიპოვეს მტკიცებულებები ქვეყანაში შესაძლო სამხედრო და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულთა შესახებ.

ინფორმაციას „ესოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი ორგანოს ფაქტების დამდგენი კომისიის პირველად დასკვნაში ჩამოთვლილია ისეთი დანაშაულები, როგორიცაა მკვლელობა, წამება, გაუპატიურება და მონობა.

ანგარიშის მიხედვით, ლიბიის სანაპირო დაცვა, რომელიც გაწვრთნილი და აღჭურვილია ევროკავშირის მიერ ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტთა ნაკადის შესამცირებლად, მიგრანტებს არასათანადოდ ექცეოდნენ და ზოგ მათგანს დაკავების ცენტრებში აგზავნიდნენ, სადაც მათი წამება და სექსუალური ძალადობა მიმდინარეობდა. გარდა ამისა, ექსპერტთა ჯგუფის ინფორმაციით, არსებობს საფუძვლიანი მტკიცებულებები, რომ დაქირავებული მეომრები, როგორიცაა რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“, ახორციელებდნენ მკვლელობებს და ესროდნენ ადამიანებს, რომლებიც არ იღებდნენ მონაწილეობას სამხედრო მოქმედებებში.

ანგარიშის მიხედვით, ლიბიის სანაპირო დაცვამ 2016 წლის შემდეგ 87 ათასამდე მიგრანტი დააკავა, რომელთაგან შვიდი ათასი ახლაც იმყოფება მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის ცენტრებში.

2016 წლიდან მოყოლებული, ლიბიაში დაძაბული ვითარებაა, თუმცა გაერო-ს შუამავლობით ქვეყანაში სტაბილურობის აღსადგენად, გარდამავალმა მთავრობამ ქმედითი ნაბიჯები გადადგა, რომელთა შორის აღსანიშნავია წლის ბოლოს არჩევნების ჩატარების დაგეგმვა.