გაერო-ს ანგარიშის მიხედვით, დსთ-სა და საქართველოში 2023 წელს ეკონომიკური ზრდა შემცირდება, თუმცა იმაზე ნაკლებად, ვიდრე მოსალოდნელი იყო, 2024 წელს კი, 2,3 პროცენტით გაიზრდება
დსთ-სა და საქართველოში 2023 წელს ეკონომიკური ზრდა შემცირდება, თუმცა იმაზე ნაკლებად, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ამის შესახებ საუბარია გაერო-ს „მსოფლიოს ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები 2023“-ის ანგარიშში.
დოკუმენტის მიხედვით, 2022 წელს გლობალურ ეკონომიკაზე იმოქმედა მთელმა რიგმა ძირითადმა და ურთიერთგამაძლიერებელმა შოკებმა – „კოვიდ-19“-ის პანდემიამ, უკრაინაში ომმა და მის შედეგად გამოწვეულმა საკვებისა და ენერგეტიკულმა კრიზისებმა, ინფლაციის ზრდამ, ვალის ტვირთის დამძიმებამ და საგანგებო მდგომარეობამ კლიმატის საკითხებში.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ამ ფონზე მოსალოდნელია, რომ გლობალური წარმოების ზრდა 2022 წელს არსებული სამი პროცენტიდან 2023 წელს 1,9 პროცენტამდე შენელდება, რაც ერთ-ერთი ყველაზე ნელი ზრდის ტემპი იქნება ათწლეულების განმავლობაში.
„უკრაინის ომმა მსოფლიო მიიყვანა იქამდე, რომ მსოფლიო აღმოჩნდა საარსებო მინიმუმის ბოლო თაობის ყველაზე სერიოზული გლობალური კრიზისის ზღვარზე, რაც გავლენას მოახდენს დაახლოებით 1,6 მილიარდი ადამიანის სიცოცხლესა და საარსებო წყაროზე. გარდა ამისა, ეს ომი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს ეკონომიკურ მდგომარეობას დსთ-სა და საქართველოში. დაკარგულია უკრაინის წარმოების მოცულობის დაახლოებით მესამედი, რუსეთის ეკონომიკის შემცირება გავლენას ახდენს დანარჩენ რეგიონზე მიგრაციის, ფულადი გზავნილებისა და ნედლეულის ფასების ხარჯზე. ფისკალური სივრცე დიდწილად რჩება შემჭიდროებული, რაც ზღუდავს ზრდის სტიმულირებისთვის სახელმწიფო სახსრების გამოყოფის შესაძლებლობას. კონფლიქტის პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები, სავარაუდოდ, განაგრძობს დსთ-ს ქვეყნებში სავაჭრო და ფინანსური ნაკადებისა და მსოფლიო ეკონომიკაში მათი ინტეგრაციის ზოგადი მექანიზმების ხასიათის განსაზღვრას“, – ნათქვამია ანგარიშში.
გაერო-ს ანგარიშის მიხედვით, დსთ-სა და საქართველოს ერთობლივი მშპ-ის 2022 წლის მაჩვენებლები 3,3 პროცენტით შემცირდება.
„შეფასების მიხედვით, დსთ-სა და საქართველოს ერთობლივი მშპ-ის 2022 წლის მაჩვენებლები 3,3 პროცენტით შემცირდება. მოსალოდნელია, რომ 2023 წელს რეგიონის ერთიანი მშპ (უკრაინის გამოკლებით, რომლის პროგნოზი არ არის ხელმისაწვდომი) კიდევ ერთი პროცენტით შემცირდება და 2024 წელს 2,3 პროცენტით გაიზრდება. ეს შეფასებები განსაკუთრებით მგრძნობიარეა ომის მიმდინარეობისა და ხანგრძლივობის მიმართ“, – ნათქვამია ანგარიშში.