გაერო-ს ანგარიში - უკრაინაში რუსეთმა დააკავა 800-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, ბევრი აწამა და მოკლა
რუსეთმა თითქმის 900 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დააკავა, მათგან 77 სიკვდილით დასაჯეს უკრაინის ომის დაწყებიდან პირველ ათ თვეში, – ნათქვამია გაერო-ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
„რუსული ძალები „ფართოდ იყვნენ ჩართული” წამებასა და არასათანადო მოპყრობაში დაკავებულების მიმართ და ზოგიერთ შემთხვევაში სექსუალურად ძალადობდნენ მათზე“, – განაცხადა უკრაინაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მატილდა ბოგნერმა.
ანგარიშში საუბარია ომის 15 თვეზე, 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის მაისამდე.
დოკუმენტის თანახმად, დაკავებულთა შორის იყვნენ ადგილობრივი საჯარო მოხელეები, ჰუმანიტარული მოხალისეები, მღვდლები და მასწავლებლები.
„ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა კომუნიკაციის გარეშე, დაკავებისთვის არაოფიციალურ ადგილებში, ხშირად სავალალო პირობებში. დოკუმენტირებული შემთხვევების დაახლოებით მეოთხედში დაკავებულები გადაიყვანეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სხვა ადგილებში ან გადაიყვანეს რუსეთის ფედერაციაში. მათ ოჯახებს დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდათ ინფორმაცია დაკავებულების ადგილსამყოფელის შესახებ“, – ნათქვამია მოხსენებაში.
გაერო-ს ინფორმაციით, ასევე აღმოჩენილია მტკიცებულებები უკრაინის მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავების შესახებ, კერძოდ, მოყვანილია სულ 75 დაპატიმრება, ძირითადად იმ ადამიანების, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან „კონფლიქტთან დაკავშირებულ დანაშაულებებში.“
„უკრაინული ძალების მიერ თვითნებურად დაკავებულთა ნახევარზე მეტმა ასევე განაცხადა, რომ აწამეს ან არასათანადოდ მოექცნენ, როგორც წესი, დაკითხვის დროს ან დაკავებისთანავე,“ – თქვა ბოგნერმა.
ბოგნერის თქმით, უკრაინამ შესთავაზა „შეუფერხებელი კონფიდენციალური წვდომა დაკავებისა და დაკავებულების ოფიციალურ ადგილებზე“, 87 რუსი მეზღვაურისგან შემდგარი ჯგუფის გარდა, ხოლო რუსეთმა არ მისცა მსგავსი წვდომა, გაერო-ს მოთხოვნის მიუხედავად.