გაერო-ს ანგარიში - ჩრდილოეთ კორეა ბირთვული პროგრამის განვითარებას განაგრძობს
გაერო-ს მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეა ბირთვული პროგრამის განვითარებას განაგრძობს.
დამოუკიდებელი ექსპერტები ნახევარი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ ფხენიანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამის გარეშემო არსებულ სიტუაციას.
სპეციალისტების დასკვნაში აღნიშნულია, რომ ფხენიანს არც ერთ პროგრამაზე მუშაობა ჯერ არ შეუჩერებია. ანგარიშის თანახმად, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება აგრძელებს იმ ნაბიჯების გადადგმას, რის გამოც გაერო-მ ქვეყანას მკაცრი სანქციები დაუწესა.
ივლისის ბოლოს აშშ-ის დაზვერვაში რამდენიმე ანონიმურმა წყარომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეის მთავრობა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების შესახებ დადებულ პირობას არ ასრულებს.
ამერიკელი მზვერავები აცხადებენ, რომ ფხენიანთან მდებარე ბირთვულ კვლევით ცენტრში მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.
შეგახსენებთ, ბირთვული განიარაღების პირობა კიმ ჩენ ინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე, 27 აპრილს დადო. ეს თემა ასევე განიხილებოდა აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრაზეც.