გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს 48-ე სესიაზე საქართველოს შესახებ მოხსენება წარადგინეს
გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს 48-ე სესიაზე საქართველოს შესახებ მოხსენება წარადგინეს. მოხსენება გაერო-ს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაშელეტმა წარადგინა. ბაშელეტმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის რეგიონში ადამიანის უფლებების ფაქტების, ასევე „კოვიდ-19“-ის პანმდემიით გამოწვეული შემთხვევების და სიკვდილიანობის ზრდის გამო შეშფოთება გამოთქვა.
„მოვუწოდებ ხელისუფლებას და საზოგადოების ყველა წევრს, გააკეთონ ყველაფერი ადამიანის უფლებების და ჯანმრთელობის დასაცავად. ასევე მოვუწოდებ ხელისუფლებას 15 ივლისს თბილისში ჰომოფობიური ჯგუფის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების გამოძიებისკენ, რამაც გამოიწვია 15-ზე მეტი ჟურნალისტის დაზიანება და შემდგომ ოპერატორის სიკვდილი. ამ ინციდენტებმა გამოიწვია LGBT+Q საზოგადოების მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვა. გარდა ამისა, მეტი დაცვითი ღონისძიებები უნა გატარდეს მედიამუშაკების დასაცავად.
ასევე ვეხმიანები ეუთო/ ოდირის ოფისის დასკვნას საქართველოს სასამართლოში მოსამართლეთა კანდიდატურების წარდგენისა და დანიშვნის პროცესის ასპექტების შესახებ. ამ კონტექსტში ხელისუფლებას ეფექტური ქმედებებისკენ მოვუწოდებ. უნდა აღვნიშნო, რომ ადამიანის უფლებების დაცვის ოფისი მოკლებულია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაშვების შესაძლებლობას. მიუხედავად ამისა, საბჭო აგრძელებს დაშვების მოთხოვნას. შეშფოთებას იწვევს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, „კოვიდ-19“-ის პანდემიის გაძლიერება, რაზეც ნეგატიურ გავლენას ახდენს ზოგი დისკრიმინაციული ქმედება.
გარდა ამისა, სიღარიბე, ფუნდამენტური ეკონომიკური და სოციალური უფლებების შეზღუდვა ზრდის ათიათასობით ადამიანის დაუცველობას, რომლებიც დაზარალდნენ კონფლიქტის გამო. შეშფოთებული ვარ ეთნიკურ ნიადაგზე დამყარებული ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების გამო გალისა და ახალგორის რაიონში, რომლებიც მოიცავს გადაადგილების უფლების, განათლების მიღების უფლების შეზღუდვას და შესაბამისი ჯანდაცვის მიღებას. მივესალმები შეზღუდვების მოხსნას ივლისში აფხაზეთსა და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას შორის მდებარე გამშვებ პუნქტზე. გადაადგილების თავისუფლება მნიშვნელოვანია ბევრი პირისთვის, რომლებიც კვეთენ მდინარეს მათი პენსიის, აუცილებელი მედიკამენტებისა და სხვა საჭირო ნივთების მისაღებად.
აპრილის თვეში, მდინარე ენგურში დაღუპული ოთხი ადამიანის ფაქტი კიდევ ერთხელ გვაფიქრებს ხალხის არასაჭირო მსხვერპლის შესახებ. მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ მოიხსნას არასაჭირო შეზღუდვები სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე. მივესალმები საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის გათავისუფლებას ივლისში, რომელიც სამხრეთ ოსეთში იყო დაკავებული. ასევე მოვუწოდებ, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში 2014-2019 წლებში მკვლელობის 4 ფაქტის გამოძიებისკენ, რასაც წინა მოხსნებაში გავუსვი ხაზი.
მოვუწოდებ ყველა მხარეს შეასრულონ ამ და წინა მოხსენებების დროს მიცემული რეკომენდაციები. კვლავ ვიმეორებ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებების დაცვის ოფისის დაშვების აუცილებლობას, რადგან საერთაშორისო და რეგიონალური ადამიანის უფლებების მექანიზმი კონსტრუქციულად ხელს შეუწყობს ნდობის აღდგენას და სარგებელს მოუტანს მოსახლეობას ადამიანის უფლებების კუთხით“, – განაცხადა მიშელ ბაშელეტმა.