გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ ისრაელსა და მოძრაობა „ჰამასს“ შორის კონფლიქტის დროს ძალადობის გამოძიებას მხარი დაუჭირა
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ მხარი დაუჭირა ისრაელსა და მოძრაობა „ჰამასს“ შორის კონფლიქტის დროს ძალადობის გამოძიებას. შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
საბჭომ ისლამური ქვეყნების ჯგუფის მიერ წარდგენილი რეზოლუცია 24 ხმით ცხრის წინააღმდეგ დაამტკიცა. როგორც „ბიბისი“ წერს, აშშ, რომელსაც საბჭოში დამკვირვებლის სტატუსი გააჩნია, აცხადებს, რომ გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს გადწყვეტილება საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობის აღდგენის პროგრესს.
რეზოლუცია, რომელიც წარდგენილია ისლამური კონფერენციის ორგანიზაციისა და პალესტინის დელეგაციის მიერ, მოუწოდებს მუდმივმოქმედი საგამოძიებო კომისიის შექმნისკენ ისრაელში, დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში ადამიანის უფლებების დარღვევების გამოსაძიებლად. რეზოლუციაში ასევე საუბარია დაძაბულობის, არასტაბილურობისა და კონფლიქტის გაჭიანურების ყველა ძირეული მიზეზის გამოძიების საჭიროებაზე.
საბჭოს სესიის გახსნისას, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა მიშელ ბაჩელეტმა შეშფოთება გამოთქვა ღაზაში მსხვერპლის დიდი რაოდენობის გამო და აღნიშნა, რომ ისრაელის ავიადარტყმები ღაზაში შესაძლოა, წარმოადგენდეს სამხედრო დანაშაულებს. ამასთან, მიშელ ბაჩელეტმა რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ მიერ ისრაელში განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევა უწოდა.
ისრაელსა და მოძრაობა „ჰამასს“ შორის 11-დღიან საბრძოლო მოქმედებებს ღაზაში 240-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ისრაელში კი – 13. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მხარეებმა ერთი კვირის წინ ეგვიპტის შუამავლობით მიაღწიეს.